მამუკა ბახტაძე - ჩვენი ამოცანაა, რომ თბილისი აუცილებლად გახდეს ევროპული კატეგორიის დედაქალაქი
ჩვენი ამოცანაა, რომ თბილისი აუცილებლად გახდეს ევროპული კატეგორიის დედაქალაქი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც თბილისის მცხოვრებლებს ახალი ავტობუსები წარუდგინა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მოხდა 90 ახალი უმაღლესი სტანდარტის ევროპული კატეგორიის ავტობუსი შეძენა, წლის ბოლომდე კიდევ 200 ახალი ავტობუსი დაემატება.
„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მახსოვს, რამდენიმე თვის წინ მე და კახამ ერთად დავაანონსეთ, რომ ქალაქში დავიწყებდით მნიშვნელოვან ცვლილებებს, ეს შეეხებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს და წარსულს ჩავანაცვლებდით მომავლით. 90 ახალი უმაღლესი სტანდარტის ევროპული კატეგორიის ავტობუსი არის შეძენილი, წლის ბოლომდე კიდევ 200 ახალი ავტობუსი შემოვა, რაც ნიშნავს, რომ მთლიანად ჩავანავცვლებთ თბილისში ძველ პარკს. ამასთან ერთად, დამატებითი რესურსი გამოვუყავით თბილისის მუნიციპალიტეტს, რომ განაგრძოს ეს პროგრამა. მომავალ წელს დაგვემატება უკვე ელექტროავტობუსები. საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოწესრიგება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენს მიერ გაცხადებული მწვანე პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ძალიან მიხარია, რომ კახამ თავის გუნდთან ერთად, ასე მოკლე ვადებში შეძლო ამ პროექტის რეალიზაცია, მადლობა მას და მის გუნდს. ჩვენი ამოცანაა, რომ თბილისი აუცილებლად გავხადოთ ევროპული კატეგორიის დედაქალაქი, ყველა სტანდარტის მიხედვით, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით“, – აღნიშნა ბახტაძემ.
მისივე თქმით, თბილისელებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაიწყო ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს.
„ვიცით, რომ ჩვენ სხვა მიმართულებებში გვაქვს პრობლემები, როგორიც არის მეტროპოლიტენი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, თბილისის მუნიციპალიტეტს გავუზრდით ბიუჯეტს და აუცილებლად დაიწყება ახალი შემადგენლობების შემოყვანა. თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული ქალაქი ჩვენ ამას გპირდებით და ამას აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.