მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვქმნით მდგრად ეკონომიკას, რომელიც მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულ თამაშის წესებზე იქნება აგებული, რაშიც ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გვაქვს
ჩვენ ვქმნით ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკას, რომელიც სამართლიან და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულ თამაშის წესებზე იქნება აგებული და ამაში ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყველა რესურს მივმართავთ იმისაკენ, რომ განათლება გახდეს ქვეყნის ეკონომიკის დომინანტი სექტორი.
„ასევე საფინანსო შეთანხმება – „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც საქართველოსთვის გათვალისწინებულია 48 მილიონ ევრომდე დახმარება. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოსა და მისი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდება სამ მიმართულებაზე – კომერციული დავების უფრო სწრაფი გადაწყვეტის უზრუნველყოფა, საფინანსო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და ბაზარზე ორიენტირებული, ინოვაციური ბიზნეს მოდელების ჩამოყალიბების პროცესებზე ხელშეწყობა. მსგავსი მიმართულებით მხარდაჭერა დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზნის მიღწევაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ასევე მინდა გამოვყო ევროკავშირის პროგრამა DCFTA Facility, რომელიც მეწარმეებისთვის შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, სესილია მალმსტრომთან შეხვედრაზე ევროკომისარს გააცნოს მთავრობის ინიციატივები ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, ეკონომიკური მოდერნიზაციის, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებით, ასევე მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის კუთხით.
„ჩვენ ვქმნით ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკას, რომელიც სამართლიან და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულ თამაშის წესებზე იქნება აგებული და ამაში ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გვაქვს. მზად ვართ და ეს გახლავთ ჩვენი მოტივაცია, რომ მოვახდინოთ უფრო მეტი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი და რა თქმა უნდა, 5 მარტს, როდესაც ჩვენ ბრიუსელში წარვადგინეთ ჩვენს მიერ მომზადებული საგზაო რუკა, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა კიდევ უფრო დავუახლოვოთ საქართველო ევროკავშირის სტრუქტურებს და ბუნებრივია, ვაჭრობის სფეროს ამ მიმართულებაში განმსაზღვრელი როლი აქვს და მე კიდევ მსურს ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. შარშან საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას – შორის ვაჭრობის საკითხებში არაფორმალურ მინისტერიალს და სესილია მალმსტრომი იყო ამ იდეის ავტორი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურმა სესილია მალმსტრომს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირო ამ ფორმატს და მადლობა გადავუხადო ევროკომისარს ამ ინიციატივისთვის. მოგეხსენებათ, რომ 11-12 ივლისს, ბათუმში, ჩვენ ვგეგმავთ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება „აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი“ 10 წლისთავის აღნიშვნას. ამ ღონისძიების ფარგლებში, ჩვენ გავმართავთ მასშტაბურ საინვესტიციო ფორუმს, სადაც ბიზნეს წრეების წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი და კიდევ ერთხელ მოგვეცემა საშუალება, განვიხილოთ, რა გვაქვს დამატებით გასაკეთებელი ერთობლივად, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა კიდევ უფრო წავახალისოთ და ავიყვანოთ ახალ დონეზე. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ქალბატონ კომისარს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და იმ ძალიან დიდი წვლილისათვის, რომელიც მას აქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გაწეული. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ევროკავშირის შორის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის თვალსაზრისით ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა ბახტაძემ.