მამუკა ბახტაძე - სწრაფი ტემპით გავაკეთებთ ყველაფერს, ტურიზმის სექტორი ეკონომიკის განვითარების ისევ მთავარ ლოკომოტივად დარჩება
მამუკა ბახტაძე - სწრაფი ტემპით გავაკეთებთ ყველაფერს, ტურიზმის სექტორი ეკონომიკის განვითარების ისევ მთავარ ლოკომოტივად დარჩება

ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ტემპი ტურიზმის თვალსაზრისით და შემდეგ ავანტიურისტმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა, გააკეთეს ყველაფერი, რათა ეს დადებითი დინამიკა, რომელიც გვქონდა ეკონომიკაში, გაჩერებული და გამხდარიყო ნეგატივის წყარო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ტურიზმის სექტორი საქართველოში სწრაფად მზარდია. ეს არის სექტორი, სადაც ინკლუზიურობა, ანუ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც ჩართულია მასში, არის ყველაზე მაღალი.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ტემპი ტურიზმის თვალსაზრისით და შემდეგ ამ ავანტიურისტებმა, „ნაციონალურმა მოძრაობას“ ვგულისხმობ და მის ბელადს, გააკეთეს ყველაფერი, რათა ეს დადებითი დინამიკა, რომელიც გვქონდა ეკონომიკაში, გაჩერებული და გამხდარიყო ნეგატივის წყარო. რა თქმა უნდა, 20 ივნისს ვგულისხმობ, 20 ივნისზე შეფასება არაერთხელ გაკეთდა და კიდევ ერთხელ გავაკეთებ – ეს იყო სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი. პირადად მე და ჩემი გუნდის ყველა წევრი ვუერთდებოდით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც ჰქონდა ჩვენს საზოგადოებას და ახალგაზრდებს, მაგრამ ეს ავანტიურისტები შეეცადნენ, ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინათ თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის და მიიტანეს შეტევა საქართველოს კონსტიტუციაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე, საბაზრო ეკონომიკის მდგრადობაზე, მარტივი კითხვა ხომ უნდა დავსვათ, რას ეფუძნება ეკონომიკის მდგრადი განვითარება? ეს ეფუძნება სტაბილურობას და პროგნოზირებად გარემოს, პროგნოზირებადი თამაშის წესებს. ის ნეგატიური ტალღა, რომელიც ამ ავანტიურისტებმა შექმნეს, ეკონომიკას ეხმარება თუ პირიქით – აფერხებს? ეს შეგიძლიათ ჰკითხოთ იმ ექსპერტებს, რომლებიც ამ კითხვას სვამენ, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურისტულ სექტორზე, რომელიც ყველაზე მზარდი დარგია საქართველოში. დღეს, მათ შორის ჩემი ამ რეგიონში ვიზიტი ემსახურება იმ მიზანს, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ – არცერთი ობიექტი, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა, იქნება ეს საოჯახო სასტუმრო თუ სხვა მსხვილი პროექტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მთავარ მიზანს, რომ რეგიონში ჩვენი მოქალაქეებისთვის შექმნას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, არცერთი არ გაჩერდება, პირიქით – სწრაფი ტემპით გავაკეთებთ ამ ყველაფერს და ტურიზმის სექტორი როგორც იყო მთავარი ლოკომოტივი ეკონომიკის განვითარების, ასეთივე დარჩება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.