მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ვენჩაი ჟანგს და ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ვერნერ ლიპახს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთან ADB-ის მტკიცე და მზარდ პარტნიორობას გაუსვეს ხაზი. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის, ასევე, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოსა და ADB-ის თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა აზიის განვითარების ბანკის მხრიდან გაწეულ მნიშვნელოვანი დახმარება საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით.
ფინანსთა მინისტრმა ADB-ის ხელმძღვანელებს ქვეყანაში აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და ბანკის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურეს ADB-ის მისწრაფება მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც ფილიპინებში, ქალაქ მანილაში მიმდინარეობს. ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს.
ინფორმაციას შეხვედრის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.