საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგას, ნოვრუზ მამადოვს შეხვდა.
პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა ასპექტსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა ორმხრივი ძალისხმევის მნიშვნელობა ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისებისთვის.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი შეეხო რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ, ასევე სხვადასხვა სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა მსხვილ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და ამავდროულად, რეგიონის ქვეყნებს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღესვე ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.