მამუკა ბახტაძე - მომდევნო ორ წელიწადში შეგვიძლია, საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა 50-60 პროცენტით გავზარდოთ
მამუკა ბახტაძე - მომდევნო ორ წელიწადში შეგვიძლია, საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა 50-60 პროცენტით გავზარდოთ

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები საუკუნეების განმავლობაში კი სამაგალითოა, – ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

პირისპირ  შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს  მთავრობის მეთაურს თანამდებობაზე დანიშვნიდან მოკლე ვადაში ბაქოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის ურთიერთობებს.

„საუკუნეების განმავლობში ჩვენი ხალხები ცხოვრობდნენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ  ატმოსფეროში. დღეს ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები დამყარებულია ძლიერ საფუძველზე. საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ მნიშვნელოვან პროექტებს. სატრანსპორტო სფეროში ჩვენს მიერ განხორციელებულ პროქტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისა და აზიის მასშტაბით. ყველა ამ პროექტის რეალიზებაში აქტიურად თანამშრომლობენ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი. მიმაჩნია, რომ სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიმართულებით დამატებითი ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ. ვიცი, რომ საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატია. მოხარულები ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით პირველი ინვესტორი ქვეყანაა. დღეს ჩვენ მრავალ საკითხს განვიხილავთ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობის თემებს”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ბაქოში – ქალაქში, რომელიც  უფრო  და უფრო ლამაზდება. მე აქ ძალიან ხშირი ვიზიტები მქონდა, როდესაც „საქართველოს  რკინიგზის” ხელმძღვანელი ვიყავი და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად აჩვენებს იმ დიდ ეკონომიკურ პროგრესს, რომელიც არის  აზერბაიჯანში. საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენთვის ხალხთაშორის ურთიერთობებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი მეზობლობა და მეგობრობა საუკუნეების განმავლობაში კი მართლაც სამაგალითოა. ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ისეთი საფუძველი ჩაუყარეს ამ ურთიერთობებს, ჩვენ ძალიან გაგვიადვილდა მათი კიდევ უფრო განმტკიცება და გამყარება. ის რეგიონული პროექტები, რომლებიც ერთად განვახორციელეთ, მართლაც რომ საერთაშორისო და ისტორიული მნიშვნელობისაა. ჩვენ ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს რეგიონული პროექტების ნაწილში ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ბევრი სხვა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ მხრივ პოტენციალი კიდევ ძალიან დიდია და დარწმუნებული ვარ, ორმხრივი ძალისხმევის შედეგად, რეგიონული პროექტების პოტენციალს კიდევ უფრო უკეთ ავითვისებთ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ასევე, მან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

„მოხარული ვარ, რომ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის იზრდება. წელს მოლოდინია, რომ ის მილიარდს მიუახლოვდება, მაგრამ ვფიქრობ, ესეც არ არის პოტენციალის სრულფასოვანი ათვისება. დარწმუნებული ვარ, ორმხრივი თანამშრომლობის შემთხვევაში,  შემდეგ ორ წელიწადში, დიდი დაბრკოლების გარეშე შეგვიძლია, ეს  ბრუნვა 50-60 პროცენტით გავზარდოთ. ამასთან ერთად სასიხარულოა, რომ ბევრ სხვა სფეროში, როგორიცაა კულტურა, ხელოვნება და სპორტი, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი და  სამაგალითოა. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ აზერბაიჯანელი ტურისტები და ინვესტორები საქართველოში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი მიზნის მიღწევას შევძლებთ”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ და ილჰამ ალიევს მეგობრული დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა „ზაგულბას” სასახლეში უმასპინძლა.

დატოვე კომენტარი