მამუკა ბახტაძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში თავისი შინაარსით მნიშვნელოვანია
მამუკა ბახტაძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში თავისი შინაარსით მნიშვნელოვანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გარკვეული უზუსტობები აღმოჩნდა, თუმცა ანგარიში თავისი შინაარსით მნიშვნელოვანია.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, პრობლემები, რომლებზეც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია საუბარი, ზოგადად რეგიონში არსებული გამოწვევებია.

„მე დღეს მექნება საშუალება, სრულად გავეცნო ანგარიშს. მოგეხსენებათ, მასში გარკვეული უზუსტობები აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ანგარიში თავისი შინაარსით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ის პრობლემები, რომელიც არის აღნიშნული, ეს არის ის ზოგადი გამოწვევები, რომელიც გვაქვს ჩვენ რეგიონში. რაც შეეხება ნარკოტრაფიკს, ეს გეოგრაფიული არეალი ყოველთვის პრობლემას წამოადგენდა, შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ერთად და ბევრი ფაქტი იქნა აღკვეთილი. კიბერდანაშალი არის გამოწვევა ყველასთვის, ეს არის ამ საუკუნის ყველაზე მძიმე გამოწვევა. განვითარებულ ქვეყნებშიც კი უჭირთ მასთან გამკლავება. ჩვენ გვჭირდება მეტი რესურსების მიმართვა და ეს ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია მსოფლიოს 70 ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მათ შორის საქართველოში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „2018 წლის ივლისში საქართველომ კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახადა და მისი პერსონალური მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა“.

ამასთან, გასული წლის ზაფხულში საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული იყო კანონპროექტი კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირების შესახებ, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ამის გამო, კანონპროექტი უკან გაიწვიეს.