მამუკა ბახტაძე - არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ოლიგარქიული მდგომარეობა გვაქვს
არ ვფიქრობ, რომ ჩვენ საქართველოში ოლიგარქიული მდგომარეობა გვაქვს, ბიძინა ივანიშვილი გახლავთ საქართველოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ დისკუსიისას განაცხადა.
კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს კითხვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დისკუსიის მოდერატორმა, Financial Time-ის მთავარმა რედაქტორმა, ედვარდ ლუისმა დაუსვა – „თქვენი პარტიის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან მდიდარი ადამიანი და მისი აქტივები საქართველოს მშპ-ის ერთი მესამედია. ეს ჩრდილს ხომ არ აყენებს ამ მიმართულებას“.
მამუკა ბახტაძემ კითხვის პასუხად იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც 2012 წელს საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელდა.
„მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოლიგარქიული მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ საქართველოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. 2012 წელს მოვიგეთ არჩევნები. საუკეთესო პასუხი, რა მოიტანა ამ დიდმა ცვლილებამ ჩვენი ქვეყნისთვის, ვიტყოდი, საერთაშორისო რანჟირებები, როგორ გაუმჯობესდა ჩვენი რანჟირება ყველა მიმართულებით – მედია პლურალიზმი, ადამიანთა უფლებების დაცვა, კერძო სექტორის აქტივების, საკუთრების დაცვა, გამჭვირვალობა“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი განმარტებით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, საქართველო მეხუთეა, ბევრ კვლევაში კი, ნიდერლანდების, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის დონეზე დგას.
„ეს არის ძალიან კონკრეტული მიღწევები. ჩვენ ვართ სწორ გზაზე, დემოკრატიული ტრანსფორმირების გზაზე და ევროპული დემოკრატიის დამკვიდრების გზაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ფილოსოფიაა, საქართველოში ევროპული დემოკრატია და საპარალამენტო დემოკრატია დამკვიდრდეს.
„უფრო მეტიც, ეს არის პოლიტიკური ფილოსოფია საქართველოში „ქართული ოცნებისა“, რომ ქვეყანაში ევროპული დემოკრატია და საპარლამენტო დემოკრატია დამკვიდრდეს. ეს იყო დიდი ცვლილება, რაც გავაკეთეთ. ეს იყო ისტორიული მომენტი. ვფიქრობ, ფართოდ ცნობილია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.