მამუკა ბახტაძე - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და აღნიშნული საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და აღნიშნული საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. როგორც კი ჩამოვალ საქართველოში, მომდევნო კვირას გვექნება მთავრობის სხდომა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ანაკლიის პორტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გაგრძელდება დიალოგი და კომუნიკაცია, რათა კონსორციუმმა შეძლოს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტს მთავრობისგან სრული მხარდაჭერა აქვს და თუ ყველა შეასრულებს თავის ვალდებულებას, ეს პროექტი აუცილებლად შედგება.
„ანაკლიის პორტს აქვს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ბუნებრივია, მქონდა შესაბამისი შეხვედრები. ქალაქ სიეტლში შევხვდი კომპანია „SSA Marine”-ს ხელმძღვანელობას, რომელიც არის კონსორციუმის მონაწილე და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ამ პროფილის მქონე ყველაზე ძლიერი ამერიკული კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი ამ პროექტში. ამ პროექტს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. თითოეული ჩვენგანი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ამ პროექტის რეალიზაცია არის თითოეული ნაბიჯით განსაზღვრული, რომელსაც მოაქვს კონკრეტული შედეგი.
ავიღეთ ვალდებულება, როგორც მთავრობამ და ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ კონსორციუმს, რომ მათ შეასრულონ ვალდებულებები, რათა საბოლოო ჯამში მოხდეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ საკითხს და ამავე დროს კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ თითოეული ჩვენგანი და რა თქმა უნდა, კონსორციუმის მონაწილე წევრები უნდა იყვნენ ორიენტირებული კონკრეტულ შედეგზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.