მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ გიგი წერეთლისთვის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევაში ხელის შეშლის შესახებ მოსაზრება ფანტაზიის ნაყოფია
გავეცნოთ დოკუმენტს, დავრწმუნდეთ, რომ ეს არის სარწმუნო დოკუმენტი და მერე მივცეთ შეფასებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
ჟურნალისტებმა მამუკა ბახტაძეს დაუსვეს კითხვა, რომ გავრცელდა 2016 წლით დათარიღებული დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ ლობისტები ცდილობდნენ, გიგი წერეთლისთვის ხელი შეეშალათ, არ გამხდარიყო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.
„გავეცნოთ თითოეული ჩვენგანი ამ დოკუმენტს, დავრწმუნდეთ, რომ ეს არის სარწმუნო დოკუმენტი და მერე მივცეთ შეფასებები. არა ერთხელ მახსოვს, როდესაც მსგავსი ინფორმაციებით საზოგადებას უმტკიცებდნენ, რომ ეს იყო ფაქტი და შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ ეს იყო ელემენტარული ტყუილი. დავრწმუნდეთ ყველა და მერე მივცეთ შეფასება. ჩემი აზრით, მსგავსი მოსაზრება არის ძალიან დიდი ფანტაზიის ნაყოფი. დავრწმუნდეთ, რომ ეს დოკუმენტი ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პარლამენტის წევრი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად 2018 წლის 11 ივლისს აირჩიეს. გადაწყვეტილება ბერლინში, საპარლამენტო ასამბლეის 27-ე სესიაზე მიიღეს. გიგი წერეთელი აღნიშნულ თანამდებობას საპარლამენტო ასამბლეის 2019 წლის სესიამდე დაიკავებს.