მამუკა ბახტაძე - აჭარაში არსებობს საკითხები, რომლებიც უმოკლეს ვადაში საჭიროებს გამოსწორებას, შესაბამისი დავალებები უკვე გაცემულია
მამუკა ბახტაძე - აჭარაში არსებობს საკითხები, რომლებიც უმოკლეს ვადაში საჭიროებს გამოსწორებას, შესაბამისი დავალებები უკვე გაცემულია

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომელიც პრემიერის რანგში აჭარას დღეს პირველად ესტუმრა, გარკვეულ შენიშვნები აქვს, მათ შორის ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

ამის შესახებ ბახტაძემ დღეს ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მედიის წარმომადგენლებმა პრემიერს ჰკითხეს, რამდენად შეძლებს ის ზურაბ პატარაძის გუნდთან თანამშრომლობის გაგრძელებას. პირდაპირი პასუხი მამუკა ბახტაძემ შეკითხვას არ გასცა.

„ჩვენთვის ეკონომიკური აქტივობა და რეფორმები, რომლებიც აჭარაში უნდა განვახორციელოთ, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. აჭარა არის საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და მისი ლოკომოტივი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაზე მეტად უნდა ვხედავდეთ დინამიურ პროცესებს ამ ჩვენს ულამაზეს კუთხეში. აჭარა კარგად ხვდება ტურისტულ სეზონს, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც უმოკლეს ვადაში მოითხოვს გამოსწორებას. ამის შესახებ დავალებები გაცემულია და ოპერატიულად გადაწყდება. დავალებები ეხება იმ საკითხებს, რომლებიც უმოკლეს ვადაში გადაჭრას საჭიროებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.