მამუკა ბახტაძე - თითოეული მეხანძრე-მაშველი ჩვენთვის ნამდვილი გმირია
საგანგებო სიტუაციების სამსახურის განვითარებას ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა; ჩვენ გავზარდეთ უწყების ბიუჯეტი და 2020 წლამდე თბილისი ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანებით დაკომპლექტდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, 2022 წლის დასაწყისამდე სამსახურს მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა ჰქონდეს სრულად განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოძრავი საშუალებები და ახალი ტექნიკა.
მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიისას სამაშველო სამუშაოების მონაწილე სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას და გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„თქვენ სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეთ ჩვენი 3 მოქალაქე. სამწუხაროდ, გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახს და მთელს საქართველოს ეს უზარმაზარი ტრაგედია. ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თქვენი სამსახურის განვითარებას. ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისა და რიგითი მოქალაქისთვის აუცილებელია, თითოეულ მოქალაქეს ყოველთვის ჰქონდეს განცდა, რომ როდესაც იქნება განსაცდელსა თუ გასაჭირში, არსებობენ გმირები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არიან, მათ ოპერატიულად დაეხმარონ. მსურს, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ გამოჩენილი ვაჟკაცობისა და სამშობლოსთვის თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ნამდვილი გმირია“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა სამაშველო სამსახურის პირად შემადგენლობას.
შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი შალვა ხუციშვილი დაესწრო.