მამაკაცი, რომელიც გეზ-თან თავის დაწვით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრს ხვდება
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან თავის დაწვით იმუქრებოდა, მაშველებმა ერთ-ერთი შენობის სახურავიდან სახანძრო კიბით ჩამოიყვანეს. ის ახლა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს ხვდება.
მამაკაცი შენობის სახურავზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მან თვითდაზიანებები მიიყენა და ბენზინი გადაისხა. ის ითხოვდა ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას და იმ ბრძანების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ხორბლის გადატანა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უნდა აიკრძალოს.
გუშინდელი თათბირის შემდეგ, აქციაზე ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავი მეწარმეები და მძღოლები შეჯერდნენ პოზიციაზე, რომ 2020 წლამდე გადავადდეს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედება, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა და გატანა იზღუდება. აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ პერიოდში მათ გარანტირებულად ეცოდინებათ, რომ აქვთ სამუშაო და შეძლებენ საბანკო კრედიტების გასტუმრებას. მძღოლებმა ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მათ შეთავაზებაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ერთსაათიანი ვადა მისცეს.
თუმცა, ამის შემდეგ, აქციაზე მოხდა მცირედი დაპირისპირება, რის შემდეგაც, ფინანსთა მინისტრისადმი ულტიმატუმი შეიცვალა. აქციის მონაწილეთა თქმით, ფინანსთა მინისტრთან მოლაპარაკებისთვის ათდღიან ვადას მოითხოვენ.
დღეს აქციის მონაწილეთა ჯგუფისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრა შედგა, სადაც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება.