დღეს სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მრევლს გადავაბაროთ პასუხისმგებლობა და ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა, მცირეოდენი მაინც, როგორც ეკლესიის იერარქიამ, ბუნებრივია, უნდა ვიტვირთოთ, – ამის შესახებ ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა თეოდორე (გიგნაძე) საგანგებო მიმართვაში აცხადებს.
მისი თქმით, მსახურება არ გაჩერდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება, ვიდრე საქართველოში პანდემიის აფეთქების საშიშროება იქნება.
„ყველამ ვიცით, რომ სიტუაცია პანდემიასთან დაკავშირებით კიდევ უფრო დამძიმდა. მსოფლიოში დიდი უკეთესობა არ ჩანს და საქართველოშიც, როგორც, პროფესიონალები წინასწარმეტყველებენ შეიძლება, სიტუაცია უკონტროლოც კი გახდეს. ამ დროს, რა თქმა უნდა, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, თითოეულ ადამიანს მათ შორის, მაგრამ ჩემთვის პირადად გაუგებარია, რას ნიშნავს, როდესაც იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ მრევლის პასუხისმგებლობაზე, როდესაც მრევლს აქვს ბუნებრივი მორჩილებითი განწყობა საეკლესიო იერარქიისადმი და ზოგადად, ქრისტიანს ბუნებრივი განწყობა აქვს, მორჩილებისადმი იგივე საერო ხელისუფლებისადმი. ამიტომ, ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას მრევლს და პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ვიტვირთოთ.
წლებია, ღმრთისმსახურება ჩვენს სამრევლოში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენი მრევლი საკმაოდ აქტიური სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ვინც ჩვენს სამრევლოს იცნობს და ჩვენს სასულიერო პირებს, ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ლიტურღიკული მსახურება, ევქარისტიული მსახურება ანუ წირვა და ზიარება. წლებია, ყოველდღე გვაქვს მსახურება – ორ ტაძარში კვირაში ცხრა მსახურება გვაქვს, თვით სადაგ დღეებშიც კი, ტაძარი სავსეა და მრევლის თითქმის 100% ეზიარება და ამ მრევლის 90% კი ახალგაზრდები არიან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს სამრევლოში საოცარი სიყვარულია ზიარებისა და ამით ქრისტესთან ერთობისა. აქვე, მინდა გითხრათ პირველშეწირულთან დაკავშირებითაც: პირველშეწირული ლიტურღიები ასევე წლებია, ყოველდღე აღევლინება ჩვენთან და ასევე სავსეა ტაძარი ამ დროს და მრევლის უდიდესი უმრავლესობა ეზიარება. როდესაც ეს დაავადება გავრცელდა, იმის გამო, რომ სადაგ დღეებში ხალხი ერთად არ მდგარიყო, გვაქვს რა ორი ტაძარი, პირველშეწირული ლიტურღიები გვქონდა დღეში ორჯერ. დილასაც და საღამოსაც. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, დაგვეცვა ყველა რეგულაცია, რაც იყო სახელმწიფოსგან და რაც იყო ჩვენი საპატრიარქოსადმი, როგორც ეკლესიის მმართველი ორგანოსადმი.
მაგრამ დღევანდელ დღეს სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მრევლს გადავაბაროთ პასუხისმგებლობა და ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა, მცირეოდენი მაინც, როგორც ეკლესიის იერარქიამ, ბუნებრივია, უნდა ვიტვირთოთ. მით უმეტეს, გამკაცრდა რეგულაციები და ადამიანებს ფიზიკურად არ შეუძლიათ ტაძარში მოსვლა – იცით, რომ მანქანებით სიარული აიკრძალა, ტაძართან ახლოს კი ცოტა ცხოვრობს. ამას ემატება ისიც, რომ ისმის მოწოდება მრევლისადმი, რომ ვინც რისკის ჯგუფშია, თავი შეიკავონ ლიტურღიკულ მსახურებაზე დასწრებისგან, რამეთუ ლიტურღიკული მსახურება სწორედ თავშეყრას და ერთად ყოფნას გულისხმობს და ის რეგულაციები, რომლებსაც ვატარებდით აქამდე, აღარ არის საკმარისი, იმდენად ვერაგია ეს დაავადება და იმდენად საშიში გახდა.
აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მრევლს მოვუწოდოთ, რომ სოლიდარობა გამოიჩინონ ერთმანეთისადმი და ის ვინც ახლოს არის და ეიოლება მოსვლა, ნუ ექნება უპირატესობის განცდა იმასთან შედარებით, ვინც შორს არის (ჩვენი და-ძმობა გვავალებულებს, რომ მთლიანობისა და ერთობის შესანარჩუნებლად და დამატებით დაავადების გავრცელების პრევენციისთვისაც დავიკლოთ ის, რაც აკლდებათ დანარჩენებს – მათთვის, ვინც ვერ მოდის სიშორის გამო, არც ახლოს მცხოვრებები მივალთ). გარდა ამისა, ჩვენს მრევლს თითქმის ყველას, თითქმის ყველას ყავს ოჯახში ასაკოვანი ადამიანი და აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი რისკ-ჯგუფს განეკუთვნება.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა გაჩერდეს რა მსახურება არავითარ შემთხვევაში, რადგან მსახურება არა მარტო იმათთვისაა, ვინც მას ესწრება, არამედ, ვინც ობიექტური მიზეზის გამო ვერ ესწრება და რომელთაც ჩვენ თუნდაც ბასილი დიდის საიდუმლო ლოცვებში მოვიხსენებთ. არ შეიძლება გაჩერდეს ევქარისტიული მსახურება, რომელიც ზეცისა და მიწის შეერთებაა წმინდა ტრაპეზზე და ღვთის კურთხევა გადმოდის არა მარტო კონკრეტულ ტრაპეზზე იმ ტაძარში, არამედ მთელ სამყაროზე. ამიტომ მსახურება, ბუნებრივია, არ გაჩერდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება, მანამ, სანამ იქნება პანდემიის აფეთქების საშიშროება საქართველოში.
სამწუხაროდ, ზოგი ადამიანი სიფრთხილეს აღიქვამს უფლის ღალატად, რაც სინამდვილეში ასე არ არის. პავლე მოციქული პირდაპირ სავალდებულოდ გვიხდის ხელისუფლებისადმი მორჩილებას რომაელთა მიმართ ეპისტოლის მეცამეტე თავში და კრძალავს ურჩობას, რადგან ურჩობა ხელისუფლებისადმი აჰყავს ღვთის ურჩობის რანგში, რადგან ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა მოცემული.
გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს მოწამეობა. მოწამეობა ნიშნავს, როდესაც მე პირად არჩევანს ვაკეთებ და ქრისტესთვის ვწირავ საკუთარ თავს, საკუთარ სიცოცხლეს ვწირავ მოყვასის გადასარჩენად და ქრისტეს ერთგულებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში მდგომარეობა სხვანაირია: ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება, სხვისი სიცოცხლის შეწირვა მოგვიწიოს, რადგან ჩვენ შეიძლება საერთოდ არაფერი დაგვემართოს, მაგრამ სხვა გახდეს ავად. ამიტომ, როდესაც საუბარია, რომ მოვერიდოთ თავშეყრას თუნდაც ტაძრის ეზოში, ჩვენ ამას ვაკეთებდით. ყველამ იცის, ვინც სოციალურ ქსელს თვალყურს ადევნებს, როგორ მაქსიმალურად ვცდილობდით, დაგვეცვა სახელმწიფო რეგულაციები. ღვთის წყალობით ეს საკმაოდ მაღალ დონეზე ხდებოდა, იმდენად, რომ უცხოეთის ტელევიზიებიც კი აშუქებდნენ, მაგრამ მაინც შეუძლებელი ხდება სრული დაცვა და გარანტიების მიცემა. შესაბამისად თითოეული ადამიანი აი, ამ ერთობის გამო შეიძლება, სხვისთვის გახდეს სახიფათო და სწორედ აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთ დროს ადამიანმა შეიძლება, უფალს უღალატოს.
როდესაც ადამიანს უჭირს არჩევანის გაკეთება, როდესაც შავსა და თეთრს შორის კი არა, არამედ რაღაც ნაცრისფერ-რუხ ტონებს შორის უნდა ავირჩიო, ამ დროს ყოველთვის უნდა დავსვა კითხვა: ჩემს ადგილზე ჩვენი უფალი, იესო ქრისტე რას იზამდა. მორწმუნე ადამიანის შინაგანი სამყარო, გულის გული, როგორც წესი, ყოველთვის უდასტურებს, რომ უფალი ამ შემთხვევაში ამას იზამდა.
არასდროს ყოფილა ისე, რომ ქრისტიანს მოწამეობრივ ღვაწლად ჩაეთვალოს, როდესაც იგი სხვას წირავს, სხვის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. ეს ყოვლად გაუგონარი და გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მრევლის წევრებს არ დავადოთ ტვირთი – მათ გააკეთონ არჩევანი, არამედ ჩვენ, როგორც დაბალ იერარქიაში მყოფები, ანუ მღვდლები, მცირე პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს ტაძარზე და უფრო გავამკაცრებთ და მივუახლოებთ ჩვენს რეგულაციებს, ადგილობრივი ეკლესიის რეგულაციებს, სახელმწიფო რეგულაციებს და არც საპატრიარქოს რეგულაციებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში.
გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ წირვაზე არ დასწრება, რა თქმა უნდა, დიდი ტკივილია თითოეული ადამიანისთვის, ვისაც აქვს გამოცდილება იმისა, თუ რას ნიშნავს ევქარისტიული ანუ მადლიერებითი ცხოვრება – ანუ როდესაც ადამიანი ხშირად ეზიარება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ამ ერთ ფრთასთან ერთად მეორე ფრთა, რომლითაც ზეცაში უნდა ავფრინდეთ და ეს მეორე ფრთა არის გონიერი ლოცვა.
გვექნება მსახურებების ჩართვები პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა, ყურადღებას მივადევნებთ იმ მდგომარეობას, რაც ქვეყანაში იქნება, სახელმწიფო რეგულაციებს. ჩვენ ამით გამოვხატავთ სოლიდარობას იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მართლაც (ექიმებს ვგულისხმობ ამ შემთვევაში) მუხლჩაუხრელად შრომობენ იმისთვის, რომ ეს დაავადება არ გავრცელდეს. ჩვენს წვლილს იმითიც შევიტანთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდავთ ადამიანების ერთად ყოფნას.
არ ვიფიქროთ, რომ ეს არის ქრისტეს ღალატი. ეს ქრისტეს დარი საქციელია. ჩვენს სამრევლოში სასულიერო პირებსაც და მრევლის წევრებსაც ძალიან უყვართ ლიტურღიკული მსახურება, ზოგიერთი, როგორც ვთქვი, ყოველდღეც კი ეზიარება. ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ჩვენი ცხოვრების საზრისია ევქარისტიული ცხოვრება, ზიარება ყველაზე ძვირფასია და აქაც შეიძლება, ქრისტიანული სულისკვეთება დავინახოთ: ყველაზე ძვირფასზე, არა ქრისტეზე, არამედ ინტენსიურ ზიარებით ცხოვრებას ვაკლდებით. ჩემი თავიდან ვიტყვი და ვიცი, რომ ჩვენი ტაძრის მრევლის უდიდესი უმრავლესობა ჩემთან ერთად გაიმეორებს ამ სიტყვებს: ყოველთვის გვაქვს მზაობა, მოვკვდეთ ქრისტესთვის. ქრისტეზე კი არ ვამბობთ უარს, არამედ ჩვენი ცხოვრების საზრისზე და ცხოვრების უძვირფასეს წესზე – ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრებიდან ცოტა უკან დახევა იმისთვის, რომ მოყვასი ფიზიკურადაც გადარჩეს და მერე ის გადარჩენილი მოყვასი ტაძარში შემოვიდეს და ჩემთან ერთად ქრისტე დაინახოს. ამაში ვხედავ იმ ქრისტესმიერ და მზრუნველობით დამოკიდებულებას ამ განსაცდელისადმი, რომელიც წესით უნდა ისწავლებოდეს ჩვენს გულში.
ჩვენ ვართ მსოფლიო დედა ეკლესიის შვილნი. ვამბობთ, რომ გვწამს არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ან ვთქვათ, სერბი იტყვის, რომ სწამს არა სერბეთის ეკლესია, არამედ სერბებიც, ბერძნებიც, რუსებიც, ამერიკაშიც, ყველგან, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიაა, ყველა ვამბობთ წირვის დროს: გვწამს ერთი, წმინდა, კათოლიკე ანუ საყოველთაო ეკლესია. ეს ერთიანობა უნდა გავითავისოთ და არ შეიძლება, რომ დავემსგავსოთ რაღაც ჯგუფს – სხვა ეკლესიები კი ისე აკეთებენ, მაგრამ ჩვენ უფრო მაგრები ვართ. ეს თავისთავად არაჯანსაღი ფენომენია.
და კიდევ ერთი ნიუანსი, საზოგადოებასთან დაკავშირებით. განა იმიტომ ვართ ეკლესიაში, რომ საკუთარი თავი ვიცხოვნოთ მხოლოდ? განა არ უნდა გვინდოდეს, რომ ჩვენი ძმები და დები, თუნდაც არაჯანსაღი ლიბერალიზმით მოწამლულები, შემოვიდნენ დედა ეკლესიის წიაღში, რომელიც დედობრივი მზრუნველობით იზრუნებს მათზე? არ უნდა დავანახოთ ქრისტეს მოძღვრების სიდიადე, როგორი თავისუფლების მომნიჭებელია, როგორი ბედნიერების მომნიჭებელია, როგორი სიცოცხლის მომნიჭებელია ქრისტესთან ერთობა? როდესაც ამ სიტუაციაში ვხედავთ, რომ მოსახლეობა მართლაც შეშინებულია იმის გამო, რომ ვთქვათ, ზოგიერთი ევროპული ქვეყანასავით აქაც ეს უბედურება არ დატრიალდეს (ჩვენი ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობების ფონზე და სამედიცინო მომსახურების ფონზე, ანუ რესურსის თვალსაზრისით, თორემ პროფესიონალები და ერთგულები რომ არიან თავის საქმის, გამოჩნდა). ხომ ვხედავთ, რომ მათი შიში უსაფუძვლო არ არის.
ნახეთ, როგორ დადგა საკითხი: არა აქვს ამას მნიშვნელობა, ვისგანაა, რომ აქცენტი ჩვენზე გააკეთეს. ჩვენი ბრალია, ეშმაკის თუ ქრისტეს მტრების, მაგრამ ფაქტი ფაქტია – მთელი ყურადღება ეკლესიის გარეთ მყოფი საზოგადოებისა გამახვილებულია ჩვენზე და ისინი გაფაქიზებით გვიყურებენ, რას ვაკეთებთ: ვზრუნავთ მათზე, თუ არ გვედარდება მათი გულისტკივილი, ხელებს ვშლით და ვეუბნებით – ჩვენ ერთნი ვართ და ერთად გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო და ამით ჩვენს თავს და მათაც მივცეთ ქრისტეს დანახვის შესაძლებლობა, თუ ვიკეტებით, უღმერთოებს ვუწოდებთ მათ და ვაბრკოლებთ – ქრისტეს აღდგომის სიტყვათა წყობა რაღაც საშიშ და საძულველ გრძნობად გადავუქციეთ.
ამიტომ, ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, გველის სიბრძნე უნდა გამოვიჩინოთ მტრედის უმანკოებასთან ერთად, ვიზრუნოთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე – ჩვენ ვეზიარებით და რა გვენაღვლება სხვა, არამედ ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ხვალ ჩვენი დედა ეკლესიის შვილი უნდა გახდეს. ჩვენს სამშობლოს სხვანაირად ერთობა და გადარჩენა არ უწერია. ეს არის ჩვენი გზა, ეს არის ჩვენი ხვედრი, ისტორიული გზა.
სამწუხარო რეალობა არის ის, რომ გვესმის, რომ ქრისტე უნდათ, მაგრამ ჩვენ რომ გვიყურებენ, ეკლესია არ უნდათ. ხომ უნდა ვიფიქროთ ამაზე, რომ არ არის აუცილებელი, რომ ეს მათი უღმერთობის ბრალი იყოს. ბევრჯერ მიგრძვნია განწყობა – ქრისტე უნდა და მე კი მღვდელი – არ ვუნდივარ. ნუთუ ეს ჩემი ბრალი არ შეიძლება, იყოს? ნუთუ არ შეიძლება, ვიფიქრო, რომ მე რაღაც ვერ დავანახე, თუ ისეთი სიწმინდე მაქვს, რომ ყველას ქრისტეს დავანახებ? ნუთუ ჩემში პრობლემები არ არის?
უცხოეთში ხშირად ბევრი საპატივსაცემო სასულიერო პირი ან ჩვენს ადგილობრივ ეკლესიაში სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ადამიანს აქვს ეს ამბოხება, რომ ურწმუნოა და რწმენას ებრძვის, რწმენას არავინ არ ებრძვის, არც ევქარისტიულ საიდუმლოებას, მე დღესაც შემიძლია თამამად ვთქვა, რომ როდესაც ქრისტეს მივეახლები, იმდენად მწამს ჩემი უფლისა, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება ჩემი თავიდან მის გარეშე, რომ არანაირი შიში არ მაქვს. ერთია რწმენა, აბსოლიტური, ვაჟკაცური მინდობა უფალზე, ხოლო მეორე სიფრთხილის გამოჩენა იქ, სადაც ადამიანური გონიერება მეუბნება, რომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო. მოწამეობრივი ღვაწლი პირადი გადაწყვეტილებაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა ადამიანის ამ საქმეში ასე ჩართვა (იძულება).
კიდევ ერთხელ ჩემს თავს მოვუწოდებ, როგორც უფალმა გვითხრა – გვქონდეს მტრედის უმანკოებასთან ერთად გველის სიბრძნე და ზუსტად მივხვდე განსაცდელის არსს, რომ არც საკუთარი სული დავაზიანო და არც მოყვასის სულიერი ცხოვრება და არც ის ადამიანი, რომელიც ეკლესიის გარეთ დგას, ვგულისხმობ სულიერ დაზიანებას და რა თქმა უნდა, ფიზკურადაც არავინ უნდა დავაზიანოთ.
ვნების შვიდეულში დავაწესეთ კერძო მსახურება ღვთისმშობლის ხატთან „პანტანასა“. ეს ცნობილია ხატია, რომელიც სასწაულებრივად ჩამობრძანდა ათონიდან ჩვენს სამრევლოში და ამ ხატის წინაშე ვნების შვიდეულში აღესრულებოდა არა ლიტურღიკული არამედ კერძო მსახურება, როდესაც დიდ ტაძარში შედის მხოლოდ ერთი ადამიანი და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ლოცულობს იესოს ლოცვითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მოხმობით და მოიხსენებს იმ ადამიანთა სახელებს, რომლებიც არიან ემიგრაციაში, არიან ინფიცირებულები და ექიმები საქართველოში, რომლებიც ასე დაუღალავად იბრძვიან ამ პანდემიის წინააღმდეგ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ოცდაოთხსაათიანი კერძო მსახურება (ღამის პერიოდში მსახურობენ ის სასულიერო პირები, მღვდლები რომლებიც აქ რჩებიან წირვის აღსასრულებლად), გაგრძელდება ბრწყინვალე შვიდეულშიც.
ყველას შეგვეწიოს ჩვენი უფალი. ამინ“, – ნათქვამია მიმართვაში.