მამა დავით ისაკაძე - არანაირი ფაქტი არ მაქვს, რომ სახელმწიფო ეკლესიის შიდა საქმეებში ჩაერია, არც ჩვენ ჩავრეულვართ სახელმწიფო საკითხებში
არ მინდა, კადნიერად მივმართო, მაგრამ თუ სალომე ზურაბიშვილმა ასეთი რამ ბრძანა, ეს გაუნათლებლობაზე მეტყველებს, როგორც იურისპრუდენციაში, ასევე ზნეობრივ და მორალურ საკითხებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მამა დავით ისაკაძემ განუცხადა, რომელიც კონკორდატთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„ვინაიდან, სასულიერო პირები ვართ, უფლება არ გვაქვს პოზიცია ისეთ გლობალურ საკითხებზე გამოვხატოთ, როგორიც ნარკოტიკების მოხმარება ან არმოხმარებაა? ჩვენ ადამიანები არ ვართ და ოჯახები არ გვყავს? მრევლი არ გვყავს და საზოგადოების ნაწილი არ ვართ? რაც შეეხება კონკორდატს, მას არანაირი უფლება არ აქვს კორკოდატში ჩაერიოს, რადგან ეს ორ სუბიექტს შორის საკონსტიტუციო შეთანხმებაა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. მასში ჩარევა არავის პრეროგატივას არ მოიცავს. კონკორდატს ცოდნა და შესრულება საჭიროა. არანაირი ფაქტი არ მაქვს იმის, რომ სახელმწიფო ეკლესიის შიდა საქმეებში ჩაერია. სახელმწიფო საკითხებში არც ჩვენ ჩავრეულვართ“, – დასძინა მამა დავითმა.
დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მის მიმართ ზოგიერთი სასულიერო პირის კრიტიკის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, რა დროსაც, კონკორდატიც ახსენა. მედიის მეშვეობით მის მიმართ კრიტიკა გამოთქვეს მეუფე პეტრემ და მეუფე იაკობმა.
„მეუფე იაკობმა ილაპარაკა ისევ ცრუ „რუსთავი 2“-ის კითხვიდან გამომდინარე. მან უპასუხა იმ ინფორმაციას, რომელიც მიღებული ქონდა და რაც იყო, როგორც ყველაფერი დანარჩენი, ცრუ ინფორმაცია, რომ ვითომც მე ვიყავი მომხრე რაღაც ლეგალიზაციის, რაც არასოდეს მითქვამს. იყო ჟურნალისტის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაცია, რაზეც მან რეაგირება გააკეთა. დანარჩენი, ვინც დაასახელეთ, არის იგივე პოლიტიკური მოძრაობა, სამწუხაროდ. მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ეკლესია ამ დონეზე მონაწილეობდეს საარჩევნო კამპანიაში. სხვათა შორის, როგორც პრეზიდენტი, როგორც პასუხისმგებელი ასევე ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, ამაზე მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი. ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ, თუ მეორე მხრივ, არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება, მე მგონი, არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.