მალტის შინაგან საქმეთა მინისტრი - თავშესაფრის მინიჭების საკითხი კონკრეტულ ქვეყანასა და გარემოებებზეა დამოკიდებული
თავშესაფრის მინიჭების საკითხი კონკრეტულ ქვეყანასა და გარემოებებზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ მალტის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიქაელ ფარუჯიამ, ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვდრის დაწყებამდე განაცხადა.
„ეს საკითხი კონკრეტულ ქვეყანაზე, გარემოებებსა და სიტუაციაზეა დამოკიდებული. სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭება ხდება აუცილებლობიდან გამომდინარე. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ თითოეულ საქმეს განვიხილავთ და ვაფასებთ, თუ ის აკმაყოფილებს თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნებს, მას აღნიშნული სტატუსი ავტომატურად ენიჭება“, – განაცხადა მიქაელ ფარუჯიამ.
8-9 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც მთავარი განსახილველი თემა უსაფრთხოების საკითხები იქნება. როგორც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მიგრაციის საკითხზე მსჯელობა იგეგმება. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე გერმანული მხარე საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდის საკითხის დაყენებას აპირებს.