მალტის პრეზიდენტი - ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და დავუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას, უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს, გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია
ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და დავუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას, უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს, გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, – ამის შესახებ მალტის პრეზიდენტმა, ჯორჯ ველამ განაცხადა.
მალტის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის, ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის ურთიერთობების გააქტიურებაზე.
„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და დავუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას, რომ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. განსაკუთრებით, 2008 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოში რუსეთი შეიჭრა. ვიცით, რომ ორი რეგიონი პრორუსული და პრაქტიკულად მოწყვეტილია. გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და იმედი გვაქვს, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების შედეგად, ქვეყანა უფრო განვითარდება, რომ მაქსიმალურად ისარგებლოს იმით, რისი შეთავაზებაც ევროკავშირს შეუძლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ჩვენ პატივს ვცემთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს სწრაფვას ნატო-ში გაწევრიანებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნეიტრალური სახელმწიფო ვართ, პატივს ვცემთ სუვერენული სახელმწიფოს სურვილებს. ახლა ჩვენ კიდევ უფრო უკეთ გვესმის, რას ნიშნავდა ქართველი ხალხისთვის 2008 წლის ომი, რადგან ახლა ვხედავთ, რომ იგივე მეორდება უკრაინაში. ესეც იყო დისკუსიის ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის ფარგლებში. ჩვენ ახლა გაცილებით უკეთ გვესმის, რა მოხდა საქართველოში, რადგან, პრაქტიკულად, იგივე ხდება უკრაინაში. თქვენ მკითხეთ, რა განვიხილეთ – სამწუხაროდ, არ გვაქვს ხშირი შეხვედრები საქართველოსთან და უნდა გვქონდეს უფრო მეტი. ვისაუბრეთ საქართველოს მდგომარეობასა და მის მონაწილეობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორებიცაა ეუთო და ევროსაბჭო. ჩვენს ორ ქვეყანას შორის პრობლემები არ არსებობს. ვფიქრობ, უფრო მეტად შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენი ურთიერთობა ვაჭრობის, კულტურისა და ხალხთაშორის ურთიერთობების კუთხით. ეს იყო ჩემი გზავნილის ნაწილი“, – განაცხადა მალტის პრეზიდენტმა, ჯორჯ ველამ.