მალტის ხელისუფლებამ ჟურნალისტ დაფნა კარუანა გალიციას მკვლელობის ფიგურანტი შეიწყალა
მალტის ხელისუფლებამ ჟურნალისტ დაფნა კარუანა გალიციას მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი შეიწყალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „თაიმს ოფ მალტა“ ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტ ჯორჯ ველას დაკავებულის შეწყალების რეკომენდაციით პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა მიმართა.
შეწყალების პირობის თანახმად, გათავისუფლების სანაცვლოდ ბრალდებულმა მელვინ თეუმამ გამოძიებას 2017 წლის ოქტომბერში მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა შეთანხმება იურიდიულად გააფორმეს, შეწყალებას მალტის პრეზიდენტმა ჯორჯ ველამ მოაწერა ხელი. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეწყალება გაუქმდება და ეჭვმიტანილის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები გატარდება.
გამოძიება ტაქსის მძღოლ მელვინ თეუმას მკვლელობის დამკვეთებსა და შესმრულებლებს შორის შუამავლად მიიჩნევს. გარდა ამისა, თეუმას კავშირი აქვს სხვა უკანონო საქმიანობასთან, მათ შორის კრედიტების უკანონო გზით მიღებასა და არალეგალური ლატარეის ორგანიზებასთან.
გასულ კვირაში მალტის შეიარაღებულმა ძალებმა ჟურნალისტ დაფნა კარუანა გალიციას მკვლელობასთან დაკავშირებით ცნობილი ბიზნესმენი, იორგენ ფენეხი დააკავეს. ბიზნესმენი მაშინ დააკავეს, როდესაც ის თავისი იახტით კუნძულოვანი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
კორუფციულ საქმეებზე მომუშავე მალტელი ჟურნალისტი დაფნა კარუანა გალიცია 2017 წლის 16 ოქტომბერს ვალეტაში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. გარდაცვალებამდე რვა თვით ადრე ის წერდა ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაზე, რომელთანაც სავარაუდოდ მალტელ პოლიტიკოსებს, მათ შორის პრემიერის ადმინისტრაციის უფროსს ჰქონდათ კავშირი. გამოცემა „თაიმს ოფ მალტამ“ და სააგენტო „რეიტერმა“ ერთობლივი გამოძიების შედეგად აღნიშნული კომპანიის მფლობელად სწორედ ბიზნესმენი იორგენ ფენეხი დაასახელეს.