მალხაზ ველიჯანაშვილი - მეგის ქარდავა მიიჩნევს, რომ მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა, უნდობლობას უცხადებს როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს
ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ მეგის ქარდავა უნდობლობას უცხადებს როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს და პატიმრების წამების საქმეზე ჩვენება არ მისცა.
როგორც მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, ვიდეოკადრები, რომელიც პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, გაუგებარია რა გზით არის მოპოვებული, ამიტომ უნდა დაიდოს ექსპერტიზის დასკვნა.
„იმის გათვალისწინებით, რომ მეგის ქარადავას მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა, თავადაც მიიჩნევს, რომ ეს სწორედ პოლიტიკური დევნის ნაწილია, შესაბამისად, ის უნდობლობას უცხადებს როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს და ამ საქმეზე ჩვენება არ მისცა. ვინაიდან, ვიდეომასალების მოპოვება და აღმოჩენა არის სრულიად უკანონო და გასაოცარი, შინაარსზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ისიც კი არ წარმოუდგენია პროკურატურას, რომ ეს პიროვნებები ვინ არიან, ექსპერტიზის დასკვნით არ არის დადასტურებული ნამდვილობა. დიდი ეჭვია აღნიშნული კადრების გაყალბების, თარიღი სხვა არის, რეალურად სხვა რამეს ამბობენ. მე საერთოდ არ მინახავს ეს კადრები. უკრაინამ შეიძლება გადმოაგზავნოს ოფიციალური დოკუმენტით, მაგრამ უკრაინამ როგორ მოიპოვა, ეს არის მთავარი. განცხადებები კეთდება, რომ მისი დაკავების, ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული. მისი დაკავება სასმართლოში განხორციელდა, სადაც მას არაფერი არ ჰქონია. არც მის მიმართ პირადი ჩხრეკა ჩატარებულა, შესაბამისად გაუგებარია, როგორ, საიდან იქნა ამოღებული. დღეის მდგომარეობით, წვდომა არ გვქონია არც ერთ დოკუმენტთან ამ კადრების მოპოვების თაობაზე. დადონ ექსპერტიზის დასკვნაც“, – განაცხადა ადვოკატმა.
პატიმრების წამების საქმეზე მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მეგის ქარდავას დასაკითხად პროკურატურის წარმომადგენლები იყვნენ შესული. პროკურორის ინფორმაციით, ქარდავამ საგამოძიებო უწყების კითხვებს არ უპასუხა.
საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცეს. პროკურატურამ ვიდეომასალასაც გაავრცელა, სადაც მითითებულია, რომ ვიდეო შეიცავს ძალადობის ამსახველ კადრებს. ვიდეოკადრებში ფიგურირებს მეგის ქარდავაც.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე, ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.