პროკურორი აცხადებს, რომ პატიმრების წამების საქმეზე მეგის ქარდავამ საგამოძიებო უწყების კითხვებს არ უპასუხა
პროკურორი აცხადებს, რომ პატიმრების წამების საქმეზე მეგის ქარდავამ საგამოძიებო უწყების კითხვებს არ უპასუხა

პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, მეგის ქარდავამ პატიმრების წამების საქმეზე საგამოძიებო უწყების კითხვებს არ უპასუხა.

როგორც პროკურორმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით მეგის ქარდავას საერთოდ არ სურს საუბარი და პოზიციის დაფიქსირება.

„არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა, საგამოძიებო ოთახი დატოვა და მისი პოზიცია ადვოკატმა გადმოგვცა. როგორც ჩანს, ამ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით მას საერთოდ არ სურს საუბარი და პოზიციის დაფიქსირება. რამე საკითხთან დაკავშირებით თუ მას პრეტენზია აქვს, შეუძლია, გამოხატოს მისი პოზიცია, თუ შინაარსთან დაკავშირებით რამე პოზიცია ჰქონდა, ბუნებრივია, უნდა ეთქვა. ვიდეომასალები, ქართული მხარის მიერ მოპოვებული მასალები არ არის, უკრაინული მხარის მიერაა გადმოგზავნილი. ადვოკატი თუ რამე ნორმების დარღვევას ხედავს, შეუძლია, სასამართლოში იდავოს, მართალი გითხრათ, რა უნდა და რა პრეტენზიები აქვს, ვერ ვიგებ. ავთენტურობასთან დაკავშირებით გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია, კონკრეტულად ექსპერტიზამ რა შედეგები დადო, სასამართლო განხილვებამდე წინასწარ არ მინდა მოვლენებს გავასწრო, საქმე კიდევ გამოძიებაშია, შეიძლება, კიდევ გარკვეული მტკიცებულებები დაემატოს და ამან საქმე გააფუჭოს, უმჯობესია სასამართლო განხილვამდე დავიცადოთ“, – განაცხადა პროკურორმა.

საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცეს. პროკურატურამ ვიდეომასალასაც გაავრცელა, სადაც მითითებულია, რომ ვიდეო შეიცავს ძალადობის ამსახველ კადრებს. ვიდეოკადრებში ფიგურირებს მეგის ქარდავაც.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე, ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი