მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ აქციაზე გუშინ გაკეთებული განცხადება განმარტა
პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ აქციაზე გუშინ გაკეთებული განცხადება განმარტა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ განცხადება სუს-ის წინ თავის აფეთქებასთან დაკავშირებით ემოციურ ფონზე გააკეთა.
„ჩემნაირი გამწარებული ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი, ემოციებმა გადაამეტა. რამდენიმე ასეული ადამიანი კი არა, მე თვითონ ასამდე ადამიანისთვის მქონდა ფიცი მიცემული, რომ მე მაგას არ შევარჩენდი, მე თავს მოვიკლავდი, ავიფეთქებდი თავს. ემოციების გამო ხდება ასე. ჩემნაირი გამწარებული ადამიანი, ყველა ასე მოიქცევა და ერთ სათხოვარი მექნება ქართველი ხალხისთვის. ჩემს ნათქვამს ასე მწარედ ნუ მიიღებენ”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა გუშინ აღნიშნა, რომ რამდენიმე ასეულობით ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, რომ მისულიყვნენ სუს-ში და თავი აეფეთქებინათ, თუმცა ეს ქართველი ხალხის სიყვარულის გამო გადაიფიქრეს.