მალხაზ მაჩალიკაშვილი - რამდენიმე ასეულობით ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სუს-ში და აგვეფეთქებინა თავები, მაგრამ გადავიფიქრე ქართველი ადამიანების გამო
მე და რამდენიმე ასეულობით ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, რომ მივსულიყავით სუს-ში და აგვეფეთქებინა თავები, მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ჩვენი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაცის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას თანადგომა გამოუცხადა.
„დღეს მე სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი იმართებოდა. ეს ყველა პროკურატურაც და დანარჩენი მთელი ხელისუფლებაც იყო „პეშკა“ სუს-ის, გომელაურის და გოგაშვილების. სუს-ის თანამშრომლებთან ერთად, ყველა, ვინც არიან ამ სისხლიან ხელისუფლებაში, უნდა გადადგნენ. მე ისევ და ისევ სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, ის ადამიანი ვარ, რომელსაც დიდი სიყვარული გამაჩნია ქართველი ერისა, მე ამას ყოველთვის ვიძახდი და ახლაც ვიტყვი. მე და რამდენიმე ასეულობით ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, რომ მივსულიყავით სუს-ში და აგვეფეთქებინა თავები, მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ჩვენი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ რომელიმე რიგითი არ დაშავებულიყო. მე დღეს ვხედავ, ეს არ დამჭირვებია თქვენი ადამიანობით და თქვენი კაცობით. ღმერთმა გაგამრავლოთ ქართველი ერი ქისტ ხალხთან ერთად და ვიყოთ ერთიანები”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.