მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის შესაძლებლობაზე იურისტებთან კონსულტაციებს გაივლის
მალხაზ მაჩალიკაშვილი პარტიის „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანის შეთავაზებაზე, რომ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვოს, იურისტებთან კონსულტაციებს გაივლის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტის წინ განუცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ ჩარკვიანს და მისი პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მაჩალიკაშვილის თქმით, მისთვის აღნიშნული შეთავაზება მისაღებია, თუმცა კონსულტაციას გაივლის საკუთარ იურისტთან, რამდენად არის ეს შესაძლებელი.
„რაც თაკო ჩარკვიანმა და მისი პარტიის წარმომადგენლებმა შემომთავაზეს, ჩემთვის ძალიან მისაღებია. ძალიან ვაფასებ თაკო ჩარკვიანს, მის პარტიასაც. თუ რამე მოხდა, ეს ადამიანები ბოლომდე ჩემ გვერდით იქნებიან“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
როგორც ჩარკვიანმა ჟურნალისტებს მაჩალიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მალხაზ მაჩალიკაშვილს შეუძლია, ხვალ სუს-ში დაკითხვაზე უარი თქვას. ამასთან, ჩარკვიანის თქმით, მას კანონით გათვალისწინებული უფლება აქვს, რომ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან გაშლილ კარავში დაკითხვაზე დაბარების უწყება დღეს გადასცეს, რომელიც მაჩალიკაშვილმა არ ჩაიბარა. მან აღნიშნა, რომ დღეს დაკითხვაზე მისვლას არ აპირებდა და სუს-ში ხვალ 15:00 საათზე მივა.