სუს-ის წარმომადგენლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს დაკითხვაზე დაბარების უწყება გადასცეს
სუს-ის წარმომადგენლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს დაკითხვაზე დაბარების უწყება გადასცეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან გაშლილ კარავში დაკითხვაზე დაბარების უწყება გადასცეს, რომელიც მაჩალიკაშვილმა არ ჩაიბარა.

საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილი გააფრთხილეს, რომ ის დღეს საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე 15:00 საათზეა დაბარებული.

მაჩალიკაშვილმა ოქმს ხელი არ მოაწერა, რის შემდეგაც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს.

„მე მაქვს კომუნიკაცია ჩემს იურისტებთან, რომლებთანაც გუშინ და დღეს ვისაუბრე. ვინაიდან, დღეს არის დასვენების დღე, ვიცით, რომ დაკითხვაზე დაბარებული ვიყავი ხვალ, 15:00 საათზე. მოვიდნენ სუს-ის თანამშრომლები და მითხრეს, რომ დაკითხვაზე დღეს ვარ დაბარებული 15:00 საათზე. ვუთხარი, რომ მაქვს უფლება, გავესაუბრო ჩემს იურისტებს, თუმცა არ დამელოდნენ, ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომ ის არ ჩავიბარე და დატოვეს ტერიტორია“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.