მალხაზ მაჩალიკაშვილი - ღმერთმა მოგვცეს ძალა, ის ადამიანები დავსაჯოთ, რომლებიც სისტემაში სისხლით მოვიდნენ და რომლებიც სისხლით უნდა გავაცილოთ
მალხაზ მაჩალიკაშვილი - ღმერთმა მოგვცეს ძალა, ის ადამიანები დავსაჯოთ, რომლებიც სისტემაში სისხლით მოვიდნენ და რომლებიც სისხლით უნდა გავაცილოთ

ღმერთმა მოგვცეს ძალა, ის ადამიანები დავსაჯოთ, რომლებიც სისტემაში სისხლით მოვიდნენ და რომლებიც სისხლით უნდა გავაცილოთ, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ სიტყვით რომ გამოვედი, ვთქვი, რომ აქ მდგომი თითოეული ადამიანი 100 ადამიანს ნიშნავს. აქ დგანან ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან, აქვთ ღირსება და გააჩნიათ ნამუსი. ვხედავ მართლა ვაჟკაცებს, დიაცებს, როგორც კავკასიელ ხალხს შეეფერება და არა იმ ადამიანებს, რომლებიც იყიდებიან. დღეს აქ ვხედავ ქართველებს და ამით მოხარული ვარ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, დღევანდელი დღე მისთვის და ზაზა სარალიძისთვის ​ძალიან მძიმეა, რადგან დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის წლისთავია.

„იმ დღის მეშინია, როცა ​თემირლანის წლისთავი გახდება. ვაითუ არ გაირკვა თემირლანის მკვლელობის ამბავი და არ დაისჯებიან ის ადამიანები. სიმართლე გითხრათ, თქვენი იმედით მოვედი აქამდე. ღმერთმა მოგვცეს იმის ძალა და შნო, დავსაჯოთ ის ადამიანები, რომლებიც დღეს სისტემაში არიან და სისხლისმსმელები არიან, რომლებიც სისხლით მოვიდნენ და რომლებიც სისხლით უნდა გავაცილოთ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.