ვარსკვლავები სულაც არ არის ერთ ადგილას გამოკიდული, უცვლელი სხეულები, როგორც ეს უძველეს ხალხს ეგონა. ათასში ერთხელ, იქ, სადაც ცაზე იქამდე არაფერი იყო, ახალი ვარსკვლავი ჩნდება და რამდენიმე დღეში ან კვირაში კვლავ ქრება.
უძველესი ჩანაწერი ასეთი „სტუმარი ვარსკვლავისა“, როგორც მას ძველმა ჩინელმა ასტრონომებმა უწოდეს, არის ვარსკვლავი, რომელიც ცაზე 1054 წლის 4 ივლისს გამოჩნდა. ის უცებ აკაშკაშდა და მომდევნო 23 დღის განმავლობაში დღისითაც კი ჩანდა.
ამ მოვლენას დააკვირდნენ იაპონელი, ჩინელი და ახლოაღმოსავლეთელი ასტრონომები, ისევე როგორც ანასაზის ხალხი, რომელიც თანამედროვე ნიუ-მექსიკოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა.
2024 წლის მეორე ნახევარში, ვარსკვლავურ სისტემაში, რომელსაც ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედის T-ს უწოდებენ (T CrB), ნოვას აფეთქება მოხდება, რაც კიდევ ერთხელ იქნება ხილული დედამიწიდან. ჩრდილოეთის გვირგვინის T ჩვეულებრივზე 1500-ჯერ უფრო კაშკაშა გამოჩნდება, მაგრამ არც ისეთი შთამბეჭდავი იქნება, როგორც 1054 წლის მოვლენა იყო.
ჩრდილოეთის გვირგვინის T ღამის ცის 50-ე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახდება, უფრო კაშკაშა, ვიდრე დიდი დათვის თანავარსკვლავედის ვარსკვლავთა ნახევარი. მის საპოვნელად შეიძლება გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდეთ, მაგრამ თუ დრო გაქვთ, ამ იშვიათ მოვლენას აუცილებლად დაინახავთ.
რა არის ნოვა
1572 წელს, ცნობილმა დანიელმა ასტრონომმა ტიხო ბრაჰემ კასიოპეას თანავარსკვლავედში ახალი ვარსკვლავი შენიშნა. მოვლენა მან საკუთარ ნაშრომში De Nova Stella („ახალ ვარსკვლავზე“) აღწერა და მას შემდეგ, ასეთ ვარსკვლავურ აფეთქებას ასტრონომებმა ლათინური სიტყვა „ნოვა“ უწოდეს.
მიუხედავად იმისა, რა ზომისაა, ვარსკვლავთა უმეტესობა დროის 90 პროცენტზე მეტს ბირთვში წყალბადის ჰელიუმად სინთეზში ატარებს. თუმცა, ვარსკვლავის სიცოცხლის დასასრული დამოკიდებულია მისსავე მასაზე. ძლიერ მასიური ვარსკვლავები, მზეზე დაახლოებით რვაჯერ უფრო მასიურნი, დრამატულად ფეთქდებიან, რასაც სუპერნოვა ეწოდება; სწორედ სუპერნოვა მოჩანდა დედამიწის ცაზე 1054 და 1572 წლებში.
დაბალმასიანი ვარსკვლავები, მათ შორის ჩვენი მზეც, ბირთვში საწვავის გამოლევის შემდეგ წითელ გიგანტად ფართოვდებიან. წითელი გიგანტი თავდაპირველ ვარსკვლავზე ასობით დიდია და თანაც, უფრო არასტაბილური. საბოლოოდ, მისგან რჩება მხოლოდ თეთრი ჯუჯა — დედამიწის ზომის ნარჩენი, რომელიც ნახშირბადისა და ჟანგბადისგან შედგება.
თეთრი ჯუჯები ალმასზე ასობით ათასჯერ უფრო მკვრივია. თუკი ისინი წყვილურ (ბინარულ) ვარსკვლავურ სისტემაში არ არიან, სადაც ორი ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო მოძრაობს, მილიარდობით წლის განმავლობაში სიკაშკაშეს კარგავენ და საბოლოოდ, თვალთახედვიდან უჩინარდებიან.
ჩრდილოეთის გვირგვინის T წყვილური (იგივე ორმაგი, ბინარული) ვარსკვლავური სისტემაა — შედგება წითელი გიგანტისა და თეთრი ჯუჯისგან, რომლებიც ერთმანეთის გარშემო მოძრაობენ; მათ შორის მანძილი დედამიწასა და მზეს შორის არსებულის ნახევარია და ერთი გარსშემოვლისთვის მხოლოდ 228 დღე სჭირდებათ. წითელი გიგანტი სიცოცხლის აღსასრულს უახლოვდება და შესაბამისად, დრამატულად არის გაბერილი. მატერიის ნაწილს მას გრავიტაციით სწოვს კომპანიონი თეთრი ჯუჯა, რომლის გარშემოც ეს მატერია დისკოს სახით (აკრეციული დისკო) მოძრაობს და თანდათან მასში შთაინთქმება.
აკერციის დისკოს მატერია, რომელიც ძირითადად წყალბადისგან შედგება, თეთრ ჯუჯაში სპირალივით ჩაედინება და ნელ-ნელა მის ზედაპირზე აკუმულირდება. დროთა განმავლობაში, წყალბადის ეს საფარი სქელდება და მკვრივდება, იქამდე, ვიდრე მისი ტემპერატურა 10 მილიონ გრადუს ცელსიუსს მიაღწევს.
ნოვა წყალბადის ბომბის აფეთქების მსგავსი თერმობირთვული რეაქციაა. მას შემდეგ, რაც აკრეციული დისკო საკმარირისად გაცხელდება, წყალბადი ალდება და წარმოიქმნება ნოვა — მატერია გამოიფრქვევა, რასაც თან ახლავს კაშკაშა სინათლე.
როდის მოხდება
ასტრონომთათვის 10 განმეორებადი ნოვას შესახებ არის ცნობილი — ესაა ვარსკვლავები, რომლებიც ერთზე მეტჯერ განიცდიან ნოვად აფეთქებას. ჩრდილოეთის გვირგვინის T მათ შორის ყველაზე ცნობილია. ის საშუალოდ ყოველ 80 წელიწადში ერთხელ ფეთქდება.
ვინაიდან ჩრდილოეთის გვირგვინის T ჩვენგან 2630 სინათლის წლითაა დაშორებული, მის სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად 2630 წელიწადი სჭირდება. ნოვა, რომელსაც წლის ბოლოსკენ დავინახავთ, სინამდვილეში სწორედ ამდენი წლის წინ მოხდა, მაგრამ მისი სინათლე ჩვენამდე მხოლოდ ახლაღა მოაღწევს.
თეთრი ჯუჯას ზედაპირზე წყალბადის აკრეცია 80-წლიან ქვიშის საათში ჩაყრილ ქვიშას ჰგავს. ყოველ ჯერზე, როდესაც ნოვა ხდება და წყალბადი ალდება, თავად თეთრი ჯუჯა ხელუხლებელი რჩება და მხოლოდ მისი ზედაპირიდან სუფთავდება წყალბადი.
აფეთქებიდან სულ მალე, თეთრი ჯუჯის ზედაპირზე წყალბადის ჩადინება კვლავ იწყება — ქვიშის საათი გადაბრუნდება და იწყება 80-წლიანი ათვლა მომდევნო ნოვას აფეთქებამდე.
წინა ორი ნოვას, 1866 და 1946 წლის აფეთქებათა ფრთხილმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ჩრდილოეთის გვირგვინის T ნოვად აფეთქებამდე დაახლოებით ათი წლით ადრე, ოდნავ კაშკაშა ხდება. შემდეგ უცბად ბნელდება. მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან, რა შეიძლება იყოს სიკაშკაშის ამ ცვლილებათა მიზეზი, მაგრამ ის განმეორებადია — 2015 წელს აკაშკაშდა და 2023 წლის მარტში ჩაბნელდა.
ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით, მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ ნოვა დედამიწიდან 2024 წლის ბოლოსკენ გამოჩნდება.
რამდენად კაშკაშა იქნება
ვარსკვლავთა სიკაშკაშის კლასიფიცირებისთვის ასტრონომები იყენებენ სიდიდის სისტემას, რომელიც 2100 წლის წინ შემოიღო ძველბერძენმა ასტრონომმა ჰიპარქემ. ამ სისტემაში, 5 სიდიდით სხვაობა ნიშნავს სიკაშკაშის 100-ჯერ ცვლილებას. რაც უფრო პატარაა სიდიდე, მით უფრო კაშკაშაა ვარსკვლავი.
ბნელ ცაზე, ადამიანის თვალს 6 ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავთა დანახვაც შეუძლია, ანუ საკმაოდ მკრთალების. ძირითადად, ჩრდილოეთის გვირგვინის T-ს სინათლე ჩვენამდე მისი წითელი გიგანტისგან მოდის, 10 ვარსკვლავიერი სიდიდის, რაც ბინოკლითაც კი ძლივს ჩანს.
ნოვას დროს, თეთრი ჯუჯას წყალბადის საფარის აფეთქება 2-3 ვარსკვლავიერ სიდიდემდე აკაშკაშდება. ხანმოკლე პერიოდით ის თავის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი გახდება. ეს მაქსიმალური სიკაშკაშე მხოლოდ რამდენიმე საათს გასტანს და რამდენიმე დღეში, ჩრდილოეთის გვირგვინის T შეუიარაღებელი თვალისთვის სრულიად უხილავი გახდება.
სად დავინახავთ
ჩრდილოეთის გვირგვინი გამოკვეთილი თანავარსკვლავედი არაა. მდებარეობს ჩრდილოეთის ცაში, მენახირის თანავარსკვლავედს მაღლა, დიდი დათვის თანავარსკვლავედის დასავლეთით.
ამ თანავარსკვლავედის საპოვნელად, დასავლეთის ცაზე მოძებნეთ არქტური, ამ რეგიონის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. შემდეგ მოძებნეთ დაახლოებით შუა მონაკვეთი ჰორიზონტსა და ზენიტს (წერტილი ზედ თქვენს თავს ზემოთ) შორის.
ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედი დაახლოებით 20 გრადუსითაა არქტურის თავზე. ეს დაახლოებით ერთი მტკაველია. სიკაშკაშის პიკში, ჩრდილოეთის გვირგვინის T თანავარსკვლავედში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იქნება, მაგრამ არც ისეთი ელვარე, როგორიც არქტურია.
თანავარსკვლავედის საპოვნელად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერაქტიური პორტალი Stellarium-ი ან სმარტფონის აპლიკაცია, თუნდაც Sky Map. თუკი ამ თანავარსკვლავედს ახლავე მოძებნით და მის ვარსკვლავებს დააკვირდებით, ნოვას აფეთქების შემდეგ მასში გაჩენილი ახალი ვარსკვლავი თქვენთვის უფრო ადვილი შესამჩნევი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთის გვირგვინის T საკმაოდ შორსაა დედამიწიდან, რათა 1054 წელს მომხდარ სუპერნოვას გაუწიოს კონკურენცია, მაინც შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ საკუთარი თვალით დააკვირდეთ იშვიათ ასტრონომიულ მოვლენას. მრავალი ჩვენგანისთვის ეს იქნება მოვლენა, რომელსაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვნახავთ.
ბავშვებისთვის ეს მოვლება ასტრონომიით გატაცების შესანიშნავი საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს. 80 წლის შემდეგ, ისინი ამ ვარსკვლავის ხელახლა აფეთქებას ალბათ კიდევ მოესწრებიან.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.