მალაიზიაში ამ ქვეყნის ბინადარი უკანასკნელი მამრი სუმატრული მარტორქა, სახელად ტამი მოკვდა. მასთან ერთად, მალაიზიაში წერტილი დაესვა ამ სახეობასაც. ქვეყანაში ამჟამად მხოლოდ ერთი მდედრი სუმატრული მარტორქა, სახელად იმანი რჩება. დასრულდა მათი გამრავლების არაერთი წარუმატებელი ძალისხმევაც.
ტამი ავად აპრილის ბოლოს გახდა, სწრაფად დასუსტდა, დაკარგა მადა და ენერგია. 27 მაისს, ტაბინის ველური ბუნების ნაკრძალში ტამმა უკანასკნელად ამოისუნთქა. ამ ნაკრძალში ის 2008 წლიდან ბინადრობდა, როცა ველურ ბუნებაში დაიჭირეს.
„ვემშვიდობებით ტამს, ჩვენს უკანასკნელ მამრ სუმატრულ მარტორქას. მწუხარებით ვართ აღვსილი, რადგან დავკარგეთ არა მხოლოდ ერთი ინდივიდი, არამედ მთელი სახეობა“, — წერს „ფეისბუკზე“ ბუნების მსოფლიო ფონდის მალაიზიის წარმომადგენლობა.
სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ როგორც ადრეული მტკიცებულებები მიუთითებს, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა მარტორქის თირკმლებისა და ღვიძლის მდგომარეობა. შესაძლოა, ამის მიზეზი ასაკი იყო; სუმატრული მარტორქების სიცოცხლის ხანგრძლივობა 35-40 წელია.
კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფი სუმატრული მარტორქა (Dicerorhinus sumatrensis) ველურ ბუნებაში გადაშენებულად მალაიზიაში 2015 წელს გამოაცხადეს, თუმცა რადგან ტამი ცოცხალი იყო, მაინც არსებობდა გარკვეული იმედი.
უშედეგო აღმოჩნდა ინვიტრო განაყოფიერების არაერთი მცდელობა. ხელოვნურ განაყოფიერებას ნაკრძალში ბინადარ ორ მდედრთან ცდილობდნენ — 2011 წელს დაჭერილ პუნტუნგთან და 2014 წელს დაჭერილ იმანთან.
პუნტუნგს განუკურნებელი კიბო გააჩნდა და 2017 წელს ევთანაზია გაუკეთეს. ახლა მალაიზიაში იმანი სახეობის ერთადერთ წარმომადგენლად რჩება.
ამბავი დიდად სამწუხაროა დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ველურ გარემოში ამჟამად 80-ზე ნაკლები სუმატრული მარტორქა რჩება, ძირითადად კუნძულ კალიმანტანის ინდონეზიის ნაწილში და სუმატრაზე. რაოდენობა სულ უფრო მცირდება.
გადაშენების პირას ეს სახეობა ჰაბიტატის დაკარგვამ და ბრაკონიერობამ მიიყვანა.
სიტუაციის გამოსწორების შანსი საკმაოდ მცირეა. დარჩენილი პოპულაციები პატარა და ერთმანეთისგან გამოყოფილია. როგორც წესი, მარტორქები ეული ცხოველები არიან, სანამ შეწყვილდებიან. ეს კი კიდევ უფრო ართულებს პარტნიორის პოვნას.
კიდევ ერთი პრობლემაა ნაყოფიერება. მაკეობამდე მდედრ მარტორქებს უვითარდებათ საშვილოსნოს პრობლემები, მაგალითად კისტები, რის შედეგადაც ისინი უნაყოფოები ხდებიან. მალაიზიის ნაკრძალში ამას დაემატა ტამის სპერმის დაბალი ხარისხიც და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა უშედეგო პუნტუნგისა და იმანის განაყოფიერების მცდელობა.
იმანი ჯერ კიდევ გამოიმუშავებს სიცოცხლისუნარიან კვერცხუჯრედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ინვიტრო სუროგაცია. თუმცა, როგორც მარტორქათა საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სუსი ელისი აღნიშნავს, წარუმატებელი აღმოჩნდა მოლაპარაკებები ინდონეზიის ნაკრძალებთან გამეტების (სასქესო უჯრედები) შესყიდვის თაობაზე.
ტამის სიკვდილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კალიმანტანისა და სუმატრის ველურ გარემოში გადარჩენილი მარტორქების პოვნისა და ნაკრძალებში წაყვანის აუცილებლობას. იქ მათ დაიცავენ და უფრო მეტად შეეცდებიან გამრავლებას.
მალაიზიური ნაკრძალი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ დაარწმუნებს ინდონეზიას, შეუერთდეს ამ საშვილიშვილო ძალისხმევაში.
მომზადებულია AFP-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.