მაკრონის „რენესანსის“ პარტიის წევრი კრისტოფერ ვაისბერგი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნა შეცდომა იყო
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილება შეცდომა იყო, – ამის შესახებ ემანუელ მაკრონის „რენესანსის“ პარტიის წევრმა, კრისტოფერ ვაისბერგმა განაცხადა.
ვაისბერგის თქმით, ემანუელ მაკრონის ამ ნაბიჯით გაოცებული იყო.
„ეს იყო პოლიტიკური შეცდომა. უმრავლესობისთვის გამარჯვება იმდენად რთული იყო, რომ რეალურ უპირატესობას ანიჭებდა ულტრამემარჯვენეებს“, – განაცხადა ვაისბერგმა.
ვაისბერგის განცხადებით, ერთადერთი საზრუნავი ახლა უნდა იყოს ის, რომ არ დაუშვან „ეროვნული გაერთიანების“ აბსოლუტური უმრავლესობა.
„ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ კოალიცია, რათა თავიდან ავიცილოთ ტრაგედია, რომელსაც ულტრამემარჯვენეების ძალაუფლება გამოიწვევს“, – განაცხადა ვაისბერგმა.
შეგახსენებთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო. არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ 34%-ით ლიდერობს. 28.1%-ით მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“, ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების 20.3% მოიპოვა. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ ხმების 10.2% მიიღეს.