მაკრონი საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტის შეწყვეტის შესახებ მერკელის მოწოდებას დემაგოგიად აფასებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საპასუხოდ საუდის არაბეთის წინააღმდეგ სანქციები ევროპულ დონეზე უნდა დაწესდეს და არ იყოს შეზღუდული კონკრეტული სექტორით. ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა სტამბოლში, სირიის საკითხზე გამართული ოთხმხრივი სამიტის შემდეგ გააკეთა. ამით მან საუდის არაბეთისთვის იარაღის ექსპორტის შეწყვეტის შესახებ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის გადაწყვეტილებას უპასუხა.
როგორც France24 იუწყება, სამიტამდე ერთი დღით ადრე ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ხაშოგის გარდაცვალებასა და საუდის არაბეთისთვის ფრანგული წარმოების იარაღის მიყიდვას შორის მორალური კავშირი არ არსებობს.
„სად არის კავშირი იარაღის გაყიდვასა და ბატონ ხაშოგის შორის?“ – აღნიშნა მაკრონმა და დემაგოგია უწოდა ანგელა მერკელის მოწოდებას საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტის შეწყვეტის შესახებ.
„ასეთ შემთხვევაში, უნდა შევწყვიტოთ მანქანების მიყიდვა“, – აღნიშნა მაკრონმა და გერმანიისგან ავტომობილების ექსპორტზე მიანიშნა.
საუდის არაბეთი საფრანგეთისთვის იარაღის მეორე უმსხვილესი იმპორტიორია ინდოეთის შემდეგ.
ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ორ ოქტომბერს მოკლეს.