მაკედონიის პრეზიდენტმა ქვეყნისთვის ახალი სახელის მინიჭების შეთანხმებას ხელი არ მოაწერა
მაკედონიის პრეზიდენტმა ქვეყნისთვის ახალი სახელის მინიჭების შეთანხმებას ხელი არ მოაწერა

მაკედონიის პრეზიდენტმა ქვეყნისთვის ახალი სახელის მინიჭების შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. გეორგე ივანოვი მიიჩნევს, რომ მიღწეული შეთანხმების მიხედვით მაკედონია საბერძნეთთან ზედმეტად ბევრ დათმობებზე მიდის.

„მივიჩნევ, რომ შეთანხმება უღირსი და შესაბამისად მიუღებელია. ის არღვევს კონსტიტუციას, კანონს, ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს“,- განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა სიტყვით გამოსვლის დროს.

გეორგე ივანოვმა საბერძნეთს მაკედონიის სტრატეგიული მიზნებით სპეკულირების შეწყვეტისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და რაიმე სახის ზეწოლა მასზე გავლენას ვერ მოახდენს.

ცოტა ხნის წინ მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საბერძნეთისა და მაკედონიის ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც მაკედონიის ახალი სახელწოდების, ჩრდილოეთ მაკედონიის მინიჭებას ითვალისწინებდა. მაკედონია საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონის სახელწოდებაა. ამიტომ მეზობელი ქვეყნის მსგავსი სახელის მინიჭების მცდელობას გარკვეული პროტესტი მოჰყვა. სახელწოდების გამო საბერძნეთი მეზობელი სახელმწიფოს ნატოსა და ევროკავშირში წევრობას ბლოკავდა.