გაერო-ში მაკედონიის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, მაკედონიის დელეგაციის ნაწილმა დარბაზი დატოვა
გაერო-ში მაკედონიის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, მაკედონიის დელეგაციის ნაწილმა დარბაზი დატოვა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე მაკედონიის პრეზიდენტის, გეორგე ივანოვის გამოსვლისას, მისი ქვეყნის დელეგაციის ნაწილმა, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დარბაზი დატოვა. ინფორმაციას მაკედონიური მედია ავრცელებს.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მაკედონიის პრეზიდენტმა ქვეყნის სახელწოდების ცვლილების შესახებ საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და გააკრიტიკა ის ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომლებიც დაგეგმილი რეფერენდუმის მხარდასაჭერად სკოპიეში იმყოფებოდნენ.

გეორგე ივანოვმა ასევე მოუწოდა მაკედონელებს, მონაწილეობა არ მიიღონ რეფერენდუმში, რადგან მისი თქმით, მაკედონიის სახელწოდების შეცვლა მისი სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა.

„ჩვენ გაერო-ს სხდომათა დარბაზი ივანოვის გამოსვლისას დავტოვეთ, რადგან არ გვსურს მანიპულაციებით, სიძულვილისა და მტრობით სავსე მისი სკანდალური განცხადებების ლეგიტიმაცია მოვახდინოთ“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი ჟერნოვსკიმ.

მაკედონიაში ქვეყნის სახელწოდების შეცვლის შესახებ რეფერენდუმი 30 სექტემბერს არის დაგეგმილი. მოსახლეობის მხარდამჭერის შემთხვევაში, ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას ახალი სახელწოდება, „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ იქნება. ამგვარად, მაკედონია საბერძნეთთან მრავალწლიან დავას დაარეგულირებს, რომელიც მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ბლოკავდა.