მაკედონიის პრემიერმა ქვეყნის ახალი სახელწოდების ერთ-ერთი ვერსია დაასახელა
მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ახალი სახელწოდების ერთ-ერთი ვერსია დაასახელა. ზორან ზაევის განცხადებით, ათენისთვისაც და სკოპიესთვისაც ყველაზე მისაღები ვარიანტია „ილინდენის მაკედონია“.
17 მაისს სოფიაში გამართული ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნების სამიტის ფარგლებში, მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა საბერძნეთის პრემიერ ალექსის ციპრასთან მოლაპარაკებები გამართა.
მოგვიანებით მან შეხვედრის შედეგების შესახებ ინფორმაცია მაკედონიის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მიაწოდა.
„მაკედონიისა და საბერძნეთის მთავრობები განიხილავენ ვერსიებს, რომლებიც შესაძლოა მისაღები იყოს ორივე მხარისთვის. ილინდენის მაკედონიის რესპუბლიკა შესაძლო კომპრომისია. ინგლისურად – Republic of Ilinden Macedonia, ალბანურად – Republika Ilindenase e Maqedonisё”, განაცხადა ზორან ზაევმა.
ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის გზით იქნება მიღებული.
სახელწოდების ვარიანტი უკავშირდება ილინდენის აჯანყებას, რომელიც 1903 წლის 2 აგვისტოს ილინ-დენის დღესასწაულზე მაკედონიაში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ დაიწყო. ეს თარიღი დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო დღესასწაულია.
მაკედონიის სახელი სკოპიესა და ათენს შორის უკვე 27 წელია დავის საგანია. უთანხმოების გამო საბერძნეთმა მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია დაბლოკა.
ანალოგიური სახელწოდებით საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში პროვინცია მდებარეობს. საბერძნეთში მიიჩნევენ, რომ მაკედონიის რესპუბლიკა თავისი სახელწოდებით უძველესი მაკედონიის სახელმწიფოს ისტორიულ ტერიტორიაზე პრეტენზიას გამოთქვამს.
მაკედონიამ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისი ოფიციალური სახელწოდებაა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.
მიმდინარე წლის დასაწყისში მაკედონიის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის დავის დასარეგულირებლად, ქვეყნის სახელწოდება შეცვალოს. საბერძნეთი ითხოვს, რომ მეზობელმა ახალი სახელწოდება კონსტიტუციაში ჩაწეროს.