მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს წევრი სახელმწიფოები 6 თებერვალს მოაწერენ ხელს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს 6 თებერვალს მოაწერენ ხელს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში, ალიანსის შტაბბინაში გაიმართება. მას მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოლა დიმიტროვიც დაესწრება.
როგორც ცნობილია, მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანებას ხელს უშლიდა საბერძნეთი. მეზობელი ქვეყნის სახელწოდების გამო, ათენი მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მუდმივად ბლოკავდა. თუმცა 25 იანვარს, საბერძნეთის პარლამენტმა მაკედონიის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა. მანამდე დოკუმენტს მხარი დაუჭირა მაკედონიის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომაც.
შეთანხმების საფუძველზე მაკედონიას მომავალში ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა დაერქმევა. დოკუმენტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელს მოაწერენ.