მაკედონიაში, ქვეყნის სახელწოდების შეცვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში პარლამენტის შენობასთან, ქვეყნის სახელწოდების შეცვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სკოპიეს ცენტრში 1500-მდე ადამიანი შეიკრიბა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა. მათ ქვეყნისთვის სახელის შეცვლას მიუღებელი უწოდეს. დემონსტრანტების ნაწილმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები ესროლა. აქციის ორგანიზატორი რამდენიმე ნაციონალისტური ჯგუფი იყო.
შეგახსენებთ, 12 ივნისს ათენმა და სკოპიემ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის, მაკედონიის ახალი სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მოსახლეობამ რეფერენდუმზე უნდა მიიღოს. ამასთან, მაკედონიის პრეზიდენტმა გეორგე ივანოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის სახელწოდების შეცვლის შესახებ საბერძნეთთან მიღწეულ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.
საბერძნეთსა და მაკედონიას შორის აღნიშნულ საკითხზე დავა 1991 წლიდან გრძელდება, მას შემდეგ, რაც მაკედონიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. უთანხმოების გამო საბერძნეთმა მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია დაბლოკა.
ანალოგიური სახელწოდებით საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში პროვინცია მდებარეობს. საბერძნეთში მიიჩნევენ, რომ მაკედონიის რესპუბლიკა თავისი სახელწოდებით უძველესი მაკედონიის სახელმწიფოს ისტორიულ ტერიტორიაზე პრეტენზიას გამოთქვამს.
საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისი ოფიციალური სახელწოდებაა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.