მაკედონია ნატო-ში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვიეს. ამის შესახებ საუბარია ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში, რომელიც 29 მოკავშირე ქვეყნის ლიდერმა მიიღო.
„ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ნატო მოიწვევს იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიას ალიანსის წევრად მას შემდეგ, რაც ქვეყნის დასახელებასთან დაკავშირებით გაერო-ს ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილება იქნება მიღწეული. ჩვენ მივესალმებით ისტორიულ შეთანხმებას ათენსა და სკოპიეს შორის დასახელებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკის შესაბამისად, ნატო-მ გადაწყვიტა, მიიწვიოს სკოპიეს მთავრობა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას ღია კარის პოლიტიკის მიმართ, ვაშინგტონის შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად. გასულ წელს მონტენეგროს გაწევრიანება და იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის დღევანდელი მიწვევა ამ ვალდებულების ხელშესახები დემონსტრირებაა“, – ვკითხულობთ დეკლარაციაში.