მაკა სოლოღაშვილი - შესაძლოა, არ გვეყოს მედპერსონალის, ეკიპირებისა და ადგილების მარაგი, ამიტომ ავიმაღლოთ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დავრჩეთ სახლში
თუ ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ახლა ვიქცევით და კიდევ უფრო ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი ალბათ გადაივლის ზედმეტი გართულებების გარეშე, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, არის რისკი, რომ ქვეყანას არ ეყოს ადგილებისა და აღჭურვილობის მარაგი.
„ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია, ყველაფერი ისე განვითარდეს, რომ შეიძლება არ გვეყოს მედპერსონალი, ეკიპირება და ადგილები და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე. თუ ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ახლა ვიქცევით და კიდევ უფრო ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი ალბათ გადაივლის ზედმეტი გართულებების გარეშე, მაგრამ ეს ყველაფერი არის ჩვენი, საზოგადოების ხელში. ამიტომ დარჩით სახლში. აღჭურვილობა, თუ ასეთი ტემპით წავიდა ზრდა, როგორც ახლა, დაახლოებით ათი დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ ზრდის ტემპი მოიმატებს, არაპროგნოზირებადია ყველაფერი. კიდევ შეგვიძლია ერთი იმდენი დადასტურებული პაციენტების მიღება, რამდენიც ამ დროისთვის ჩვენთან მკურნალობს. თუ საეჭვო პაციენტები იქნებიან, რაც თითო ადამიანის თითო პალატაში მოთავსებას გულისხმობს, მაშინ უკვე რესურსი საკმაოდ მცირეა“, – განაცხადა მაკა სოლღაშვილმა.