მაკა სოლოღაშვილი - მოგვიწია ისეთ პაციენტებთან ურთიერთობა, რომლებსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდათ, ამან გამოიწვია მედპერსონალის ინფიცირება, არ გვეკარებოდა არც ერთი სამართალდამცავი ორგანო, თუმცა მათიც გვესმის
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამჟამად 25 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მათგან ოთხი პაციენტ თვრამეტწლამდე ასაკისაა.
კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამი მათი ცენტრის მედპერსონალია.
„ერთი არის საყურადღებო პაციენტი, ხუთი პაციენტი არის ახალი, ორი იმპორტირებული შემთხვევაა, საკარანტინო სივრციდან მოთავსდნენ ჩვენთან. სამი ჩვენი კლინიკის მედპერსონალია“,- განაცხადა სოლოღაშვილმა.
სოლოღაშვილის განმარტებით, ისეთ პაციენტებთან მოუწიათ მუშაობა, რომლებსაც ფსიქიური პრობლემების გამო, არაადეკვატური ქცევები ჰქონდათ და სწორედ ამან გამოიწვია მედპერსონალის ინფიცირება.
„მინდა, აუცილებლად აღვნიშნო, რომ პირველი დღიდან კლინიკა ჩართულია კოვიდთან ბრძოლაში, მაგრამ ეს არის ერთადერთი კლინიკა, რომელსაც არ ჰყოლია დაინფიცირებული მედპერსონალი არც გამჟღავნებულად და არც დამალულად, რადგან უმაღლეს დონეზე ხდებოდა ეპიდემიოლოგიური რისკების დაცვა. მაგრამ, სამწუხაროდ, კოვიდთან ბრძოლა არ არის მარტო „დარჩით სახლში“, „მივცეთ თუ არა პლაქვენილი?!“ – ეს არის სხვა ცხოვრების სტილი მედპერსონალისთვის, ეს არის ცხოვრება, როცა არც სამართალდამცველი გიდგას გვერდით, არც დაცვა, ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც და დედაც.
ჩვენ, სამწუხაროდ, მოგვიწია რამდენიმე პაციენტთან ურთიერთობა, რომლებსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდათ ფსიქიური პრობლემების გამო, პაციენტს ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება. არავინ გვეკარებოდა გარკვეული რისკების გამო, არც ერთი სამართალდამცავი ორგანო, მაგრამ მათიც გვესმის. აი, ასეთ პირობებში მოხდა ისე, რომ სამი მედპერსონალი – ერთი ექთანი და ორი სანიტარი დაინფიცირდა“,- განაცხადა სოლოღაშვილმა და დასძინა, რომ მედპერსონალი მაქსიმალურად თვითიზოლირებული იყო და კონტაქტებში ვირუსის გავრცელება ნაკლებად მოსალოდნელია.
„პერსონალი არის იზოლირებულად, ზოგადად პერსონალთა ცვლების ნაკადები ხდებოდა ძალიან მაღალ დონეზე და დღემდე სწორედ ამის ხარჯზე მოვიტანეთ ის შედეგი, რომ არც ერთი დაინფიცირებული არ გვყოლია. იზოლირებულად მოხდა ამ ცვლაში დაინფიცირება, ამიტომ ნაკლებად ველოდებით კონტაქტებში რაიმე გავრცელებას. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ მაღალი ტემპერატურა აქვთ. სწორედ ამიტომ სკრინინგის დონეზე გამოვლინდა ინფიცირება. ზოგადად, მაქსიმალურად თვითიზოლირებულები არიან ექიმები, უბრალოდ მათაც სჭირდებათ ხოლმე სახლში წასვლა, რადგან მძიმე პირობებში მუშაობენ. მეგობარი კომპანიების დახმარებით, მათი ტრანსპორტირებაც დაცული გვქონდა, მადლობა ამ კომპანიებს.
სანიტრებს და ექთანს ჰქონდათ უშუალო კონტაქტი ერთ-ერთ პაციენტთან, რადგან ჩვენ დაგვჭირდა მისი ფიზიკურად გაკავება, სხვანაირად ვერ მოხდებოდა. გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩაერთო უკვე საქმეში და მედპერსონალის კონტაქტების გადამოწმებაც მოხდა“,- განაცხადა სოლოღაშვილმა.