მაკა სოლოღაშვილი - კლინიცისტს აქვს უფლება, პაციენტის გამოკვლევის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება და სულ მცირე მეორე, მეოთხე დღიდან გაიმეოროს „პისიარ“ კვლევა
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, ზოგადად, „პისიარ“ ტესტის განმეორებით ჩატარების აუცილებლობა კლინიცისტის ჩართულობით, ექიმის შეხედულებისამებრ ხდება.
მისივე თქმით, მართალია, „პისიარ“ ტესტირება ე.წ. ოქროს სტანდარტია, თუმცა 100-პროცენტიანი სიზუსტე არც ამ შემთხვევაში არსებობს.
აქედან გამომდინარე, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, სწორედ ამიტომ კლინიცისტი დამატებით კვლევებს ატარებს.
„პისიარ“ ტესტი მართალია, არის ოქროს სტანდარტი დღეს ხელთ არსებული ტესტებიდან, მაგრამ მისი მგრძნობელობა არის 85 პროცენტი. ანუ, ეს არ ნიშნავს, რომ არის 100 პროცენტი. სწორეს ამისთვის არსებობს კლინიცისტი, რომელმაც თავისი დამატებითი კვლევები უნდა ჩაატაროს, დაწყებული ანამნეზით, სუბიერქტურ-ობიექტური გამოკვლევით და ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს. ანუ ცალკე განყენებულად ტესტი არც ერთ პაციენტთან არ მოქმედებს. იგივე ხდება აქაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმი არ იქნებოდა საჭირო, ტესტი ჩატარდებოდა და დიაგნოზტირებაც ამით დამთავრდებოდა. კლინიცისტს აქვს უფლება, ინდივიდუალურად, პაციენტის გამოკვლევის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება და პროტოკოლში გაწერილი მე-8 თავის მიხედვით, მინიმუმ მე-2 მე-4 დღიდან გაიმეოროს „პისიარ“ კვლევა. ახლა სწორედ ეს შემთხვევაა“ ,- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თუმცა, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მედიკოსი, რომელიც ამავე დროს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშიც მუშაობს, ამჟამად დადასტურებულ შემთხვევებში არ მოიაზრება.
მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, მათ ამ დროისთვის ტესტის ოფიციალური პასუხი არ აქვთ.
მისივე თქმით, როგორც აქვს ინფორმაცია, აღნიშნულ მედიკოსს თავდაპირველად „პისიარ“ კვლევა ჩაუტარდა, თუმცა ექიმების შეხედულებით, შედეგი გადამოწმებას საჭიროებს.