მაკა სოლოღაშვილი - მედიკოსი, რომელიც საგარეჯოს კლინიკაშიც მუშაობს, ამჟამად დადასტურებულ შემთხვევებში არ მოიაზრება და დღეს „პისიარ“ კვლევით გადამოწმდება
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მედიკოსი, რომელიც ამავე დროს მათ კლინიკაშიც მუშაობს, ამჟამად დადასტურებულ შემთხვევებში არ მოიაზრება.
მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, მათ ამ დროისთვის ტესტის ოფიციალური პასუხი არ აქვთ.
მისივე თქმით, როგორც აქვს ინფორმაცია, აღნიშნულ მედიკოსს თავდაპირველად „პისიარ“ კვლევა ჩაუტარდა, თუმცა ექიმების შეხედულებით, შედეგი გადამოწმებას საჭიროებს.
მაკა სოლოღაშვილი ამბობს, რომ ყველა კონტაქტი უკვე შესწავლილია, რათა საბოლოოდ ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, დრო არ დაკარგულიყო.
„მედიკოსი, რომელიც საგარეჯოს კლინიკაშიც მუშაობს და ბოჭორიშვილის კლინიკაშიც, იმყოფება იზოლირებულად ბოქსირებულ სექტორში. გვქონდა ერთი პრეცედენტი ცოტა ხნის წინაც და გვაქვს ახლაც, როდესაც მედიკოსების შეხედულებისამებრ ხდება კვლევის გადამოწმება.
გამოცხადებულ დადასტურებულ 66 პაციენტში ამჯერად არ მოიაზრება ეს მედიკოსი. დღეს მოხდება გადამოწმება ოქროს სტანდარტით პისიარ კვლევით. ამის შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას თუ დასკვნას, ვადასტურებთ თუ არა ამ დიაგნოზსს. ყოველი შემთხვევისთვის კონტაქტები შესწავლილია, რათა დადასტურების შემთხვევაში დრო არ დაიკარგოს. კონტაქტები შესწავლილია და კარანტინში გადაყავთ. თვითონ მედიკოსი, რომელიც მუშაობს საგარეჯოშიც და ჩვენთანაც, არის იზოლირებულად ბოქსირებულ პალატაში და ელოდება განმეორებით პასუხს.
ჩვენ ოფიციალური ტესტის პასუხი არ გავქვს მიღებული. სავარაუდოდ, ჩატარებულია პისიარ ტესტი, მაგრამ არის მეორე შემთხვევა, რომელიც ექიმების შეხედულებისამებრ საჭიროებს გადამოწმებას“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ამასთან, სოლოღაშვილის თქმით, მათი კლინიკის 23 თანამშრომელს ტესტი უკვე ჩაუტარდა და კორონავიერუსი არ დაუდასტურდა.
„დაინფიცირების წყაროს დადგენა ძნელია, რადგან კლინიკაში პრაქტიკულად მინიმუმადეა დაყვანილი. ვისთანაც შესაძლებელი იყო კონტაქტი, ნაწილი თანამშრომლების „პისიარ“ ტესტირება ჩატარებულია და მიღებულია უარყოფითი შედეგები. გუშინ ჩაუტარდა 23-ს და მიღებული გვაქვს უარყოფითი შედეგი“, – აღნიშნა სოლოღაშვილმა.