მაკა სოლოღაშვილი - ბოჭორიშვილის კლინიკის 50 თანამშრომელს გეგმური კვლევა ჩაუტარდა, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, გეგმური კვლევა მათი კლინიკის თანამშრომლებს 15 დღეში ერთხელ უტარდებათ.
როგორც სოლაღაშვილმა აღნიშნა, კლინიკაში ტესტირება უკვე ჩაუტარდა 50 თანამშრომელს და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
„ყველა სამედიცინო დაწესებულებას აქვს ვალდებულება, რომ 15 დღეში ერთხელ ჩაატაროს გეგმური შემოწმება. კლინიკაში ტესტი ჩაუტარდა 50-ზე მეტ თანამშრომელს, ყველა პასუხი არის უარყოფითი“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.
მისივე თქმით, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 82 პაციენტია, აქედან 66 – კოვიდინფექციის დადასტურებული დიაგნოზით.
„66-დან ცამეტი თვრამეტ წლამდე ასაკის პაციენტია. რვა პაციენტი რჩება საყურადღებო, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმით განისაზღვრება.
ახალი პაციენტი არ გვყავს. ამასთან, კოვიდ 19-ისგან გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.