მაკა სოლოღაშვილი - ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი ახალი პაციენტია, რომლებიც შიდა გავრცელებით დაინფიცირდნენ
ბოჭორიშვილის კლინიკაში შემოყვანილი ორი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერ დადგენილი არ არის, – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მაკა სოლოღაშვილის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 18 პაციენტია, მათგან ცხრა დადასტურებული შემთხვევაა.
„დღეის მდგომარეობით, ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 18 პაციენტი. აქედან დადასტურებულია ცხრა პაციენტი. დღევანდელი მდგომარეობით, დაემატა ორი ახალი შემთხვევა. ორივე პაციენტი არის ქვეყნის შიდა გავრცელების შედეგი. ამ ორი პაციენტიდან რუსთავიდან არც ერთი არ არის. როგორც მაქვს ინფორმაცია, მათი გადადების წყარო შესწავლილი არ არის“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
„ერთი პაციენტია საყურადღებო, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას და დინამიკაში იგრძნობა უკეთესობა. ხვალისთვის ველოდებით სამი პაციენტის გაწერაზე გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.