მაკა მამარდაშვილი - ბოლნისში ამ დროისთვის ცხელ წერტილად რჩება სოფელი მუშევანი, საყურადღებოა სოფელი სავანეთიც
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ცხელ წერტილად რჩება სოფელი მუშევანი, საყურადღებოა სოფელი სავანეთიც, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბოლნისის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა განუცხადა.
როგორც მამარდაშვილმა აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობასთან დღევანდელ შეხვედრაზე შემდგომი მოქმედების სტრატეგია განისაზღვრა.
„სოფელი სავანეთში პერმანენტულად გვაქვს შემთხვევები, სადაც უკვე ინფიცირების 13 ფაქტია დადასტურებული. სოფელ მუშევანში კი, გვაქვს 20 შემთხვევა. უკვე ხვალისთვის უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა მუშევანში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. ეს გულისხმობს არა თერმოსკრინინგს, არამედ სოფელში აქტიურად შესვლას, მჭიდრო კონტაქტების მოძიებას, ცხვირ-ხახის ნიმუშების აღებას. საუბარია „პისიარ“ მეთოდზე.
სოფელ მუშევანში პირველი შემთხვევა დადასტურდა 23 აპრილს. იმ დღესვე იყო მოძიებული კონტაქტები. ინფექციის წყარო ამ შემთხვევაში ნაპოვნია“, – აღნიშნა მამარდაშვილმა.