მაკა ფერაძე - ბავშვების მიერ ზღვის სანაპიროზე სხვადასხვა ნივთის გაყიდვა კანონსაწინააღმდეგო არ არის, ამიტომ პოლიციური ჩარევა დაუშვებელია
როცა ზღვის სანაპიროზე ბავშვები გამაგრილებელ სასმელებს, თუ სხვადასხვა ნივთს ყიდიან, ეს თვითდასაქმების ერთ-ერთი ფორმაა, სამართლებრივად კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის და პოლიციური კუთხით ჩარევა, ან რეაგირების მოხდენა დაუშვებელია, – განაცხადა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მაკა ფერაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„თუ პირის მიმართ ან თავად მის მიერ ძალადობასა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, სამართალდამცველი რეაგირებას ახდენს, მაგრამ თუ საქმე იძულებით შრომას, ექსპლუატაციას, ან ძალადობას არ ეხება, რეაგირების მოხდენა დაუშვებელია“, – განაცხადა ფერაძემ.
ამ განცხადებით მაკა ფერაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა კანონდარღვევა, როცა ზაფხულში არასრულწლოვნები სანაპიროზე სხვადასხვა პროდუქტს ყიდიან და ხდება თუ არა ასეთ ფაქტებზე რამე ფორმით რეაგირება.