მაკა ფერაძე - მოწყალების თხოვნა მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ არის, ამიტომ დაუშვებელია, არასრულწლოვანი ამის გამო დაისაჯოს
მაკა ფერაძე - მოწყალების თხოვნა მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ არის, ამიტომ დაუშვებელია, არასრულწლოვანი ამის გამო დაისაჯოს

არასრულწლოვნის ან სრულწლოვნის მიერ მოწყალების თხოვნა მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია, მოწყალების თხოვნისთვის პირი დაისაჯოს, – ამის შესახებ მაკა ფერაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ტიპის მოქმედების უფლება აქვთ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს, როცა მოწყალების მთხოვნელ ბავშვს ხედავენ, მაკა ფერაძემ განაცხადა, რომ იმისთვის, რათა სამართალდამცველმა მოწყალების მთხოვნელი პირი დააკავოს ან ადგილიდან გაარიდოს, სამართლებრივი საფუძვლები სჭირდება. მისი თქმით, იმის გამო, რომ მოწყალების თხოვნა კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის, დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოწყალების თხოვნის შემდეგ ბავშვი უფროსთან მიდის და ფულს აძლევს, მაკა ფერაძის თქმით, გამოძიებამ უნდა ამტკიცოს, არის თუ არა ფულის მიტანა იძულების ღონისძიების შედეგად მიღწეული ქმედება.

„სხვა შემთხვევაში, ეს არის ქმედება, როდესაც ბავშვმა შესაძლოა, თანხა მიუტანოს როგორც თანატოლს, ასევე სრულწლოვანს“, – განაცხადა მაკა ფერაძემ. 

რაც შეეხება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმრის საქმეს, როგორც შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განხორციელდა აუდიო-ვიდეო, ფოტოგადაღებები და მიყურადება, რაც აღნიშნული პირების ბრალეულობას ადასტურებდა.

„საქმის გამოძიების პროცესში არსებობს მოსამართლის განჩინება, რომლის საფუძველზეც განხორციელდა აუდიო-ვიდეო, ფოტოგადაღებები და მიყურადება, საიდანაც მოპოვებულია მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ბავშვები ექსპლუატაციის მსხვერპლი იყვნენ და მათ აიძულებდნენ, ოჯახში მოწყალების გზით ფული შეეტანათ. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მათ ძალადობით ემუქრებოდნენ“, – განაცხადა ფერაძემ.

მისი თქმით, მოპოვებული მტკიცებულებებით აღნიშნული შემთხვევა დაკვალიფიცირდა, როგორც ტრეფიკინგი.

„ეს არის ერთ-ერთი ოქროს მტკიცებულება, რის საფუძველზეც შეგვიძლია, ეს ქეისი დავაკვალიფიციროთ, როგორც ტრეფიკინგი. მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით, საგამოძიებო უწყება სხვა სახის მტკიცებულებებს გამოძიების პროცესში კიდევ მოიპოვებს, საბოლოო შედეგზე კი სასამართლო იმსჯელებს იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც გამოძიება წარადგენს“, – განაცხადა ფერაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დღეს დააკავეს.