მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ 2-5 მაისს სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტარებთან შეხვედრები გამართეს.
შეხვედრებზე, ძირითადი ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის საკითხზე და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში ევროპარლამენტის მხრიდან აქტიური მხარდაჭერის საჭიროებაზე. განხილული იქნა ასევე ევროკომისიის კითხვარის შევსების პროცესი, რომლის პირველი ნაწილიც ევროკომისიას 2 მაისს გადაეცა. ისაუბრეს ასევე კითხვარის შემდგომ ეტაპებზე.
ევროპელმა კოლეგებმა ასოცირებულ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საჭიროებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყონებლივ მინიჭების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
შეხვედრებზე ასევე განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი ვითარება, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ევროპელ კოლეგებს მადლობა გადაუხადეს ევროპარლამენტის ანგარიშებში და პლენარულ სესიებზე გამართულ დებატებში საქართველოს საკითხის აქტიურად წარმოჩენისა და მხარდაჭერისთვის.
ევროპარლამენტარებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარების მზადყოფნა დააფიქსირეს.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტის საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარესთან, მარინა კალიურანდთან; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტ ანდრიუს კუბილიუსთან; საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელთან, სვენ მიკსერთან; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარესთან, ნაჩოსანჩეზ ამორთან; ევროპარლამენტში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან, რიხარდ ჩარნეცკისთან; თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ლუკას მანდლთან და ქვეკომიტეტის წევრ ელენა იონჩევასთან; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) წევრებთან – მიხალ გალერთან, თეის როიტენთან, ბერნარდ გეტასთან, იააკ მადისონთან და მირიამ ლექსმანთან. ასევე, ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა და კომიტეტის წევრებთან.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.