მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ ახალარჩეულ ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე სტრასბურგში ევროპარლამენტის ახალარჩეულ წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან ევროპარლამენტის წევრებთან, სადაც განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საქართველოში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის პერსპექტივები.
პირველი პლენარული სხდომის ფარგლებში ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლა და 14 ვიცე-პრეზიდენტი იქნა არჩეული.
აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლისას რობერტა მეცოლამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებით ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე ისაუბრა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.