მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია, პუტინის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრო
რუსეთის ხელისუფლების ქმედებები ყოველთვის იყო და არის მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად შექმნას ბარიერები საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ესეც მისი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, წარმოუდგენელია, საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვო პასუხი პუტინის გადაწყვეტილებებზე.
„ამ საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლების დამოკიდებულება კარგად გვაჩვენებს, თუ როგორ აცნობიერებენ საქართველოს მდგომარეობას და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. წარმოუდგენელია, საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვო პასუხი პუტინის გადაწყვეტილებებზე. ჩვენი პრობლემაა ის, რომ არ შეგვიძლია, ერთად დავდგეთ იმ დროს, როცა ეს საქართველოს სჭირდება. ოპოზიციის მიზნები ზუსტად ის არის, რომ საქართველოს ინტერესები დააზიანოს, ან საერთოდ ვერ აცნობიერებენ, საქართველოს ინტერესი რა შეიძლება იყოს. ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რთული გამოწვევების წინაშე. შესაბამისად, გადაწყვეტილებები, რასაც რუსეთის ხელისუფლება იღებს საქართველოსთან მიმართებაში ცოტა სხვა კუთხით უნდა დავინახოთ, მეტი სიფრთხილით და მეტი პასუხისმგებლობით უნდა ვაკეთოთ განცხადებები. განსაკუთრებით, როცა ეს ოპოზიციის განცხადებებს ეხება. წარმოუდგენელია, პუტინის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრო. რუსეთის ხელისუფლების ქმედებები ყოველთვის იყო და არის მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად შექმნას ბარიერები საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ესეც არის მისი ნაწილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვეთხოვება უფრო მეტი გონიერება, როცა შევაფასებთ მსგავს ქმედებებს რუსეთის მხრიდან“, – განაცხადა ბოჭრიშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.
საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.