მაკა ბოჭორიშვილი - ვიწყებთ ერთგვარ აქციას, ივნისის თვეს მივუძღვნით ასოცირების შეთანხმების ათი წლისთავს, შეთანხმებაზე ხელმოწერით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მყარი ფუნდამენტი შეიქმნა
დღეს ვიწყებთ ერთგვარ აქციას, ივნისის თვეს მთლიანად მივუძღვნით ასოცირების შეთანხმების ათი წლისთავს, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის დაწყებისას გააკეთა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ივნისის ბოლოს გახდება 10 წელი, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელმაც, მისივე თქმით, შექმნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი და მყარი ფუნდამენტი.
„სწორედ ეს შეთანხმება დღესდღეობით ჩვენთვის არის ის ჩარჩო, რომლის შესრულებითაც საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ევროკავშირს, იმ სივრცეს, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ წევრები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაცნაირად შევაჯამოთ ის ათწლიანი პერიოდი, რა გააკეთა საქართველომ, რათა ასოცირების შეთანხმება შეესრულებინა, რა გაკეთდა სხვადასხვა მიმართულებით, რომ საქართველო უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, ვიდრე იყო 10 წლის წინ.
ივნისში შესაძლებლობა გვექნება, სხვადასხვა სექტორისა და სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებს მოვუსმინოთ, რა ნაბიჯები გადაიდგა, რა რეფორმები ჩატარდა საქართველოში, რამაც განაპირობა ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს არის ნამდვილად მოწინავე ასოცირებულ პარტნიორებს შორის, და არა მხოლოდ ასოცირებულ პარტნიორებს, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორისაც ძალიან ბევრი მიმართულებით ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით.
დღეს ვიწყებთ ტრანსპორტის სფეროში განხორციელებული რეფორმებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ჩვენთვის. საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, მეორე მხრივ, ევროკავშირთან ჩვენი სისტემების, სტანდარტების დაახლოება რამდენად განსაზღვრავს და ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, გურამ გურამიშვილს მოუსმინეს, რომელმაც ტრანსპორტის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების 2014-2024 წლების შედეგები და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმებზე ისაუბრა.