მაკა ბოჭორიშვილი - სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ მხოლოდ იმას, რომ ევროკავშირში ინტეგრაციას, სტატუსს ხედავენ, როგორც ინსტრუმენტს საკუთარი პოლიტიკური ბრძოლისთვის და მეტს არაფერს
მაკა ბოჭორიშვილი - სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ მხოლოდ იმას, რომ ევროკავშირში ინტეგრაციას, სტატუსს ხედავენ, როგორც ინსტრუმენტს საკუთარი პოლიტიკური ბრძოლისთვის და მეტს არაფერს

ევროსაბჭოს მომხსენებლებმა დეპოლარიზაციის თაობაზე მოწოდება გააკეთეს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ, რომ კეთილსინდისიერები იყვნენ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას, დათმონ საკუთარი პარტიული ინტერესები, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ მხოლოდ იმას, რომ ევროკავშირში ინტეგრაციას და სტატუსს ხედავენ, როგორც ინსტრუმენტს საკუთარი პოლიტიკური ბრძოლისთვის და მეტს არაფერს.

„საქმე როდესაც ეხება სახელმწიფოსა და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მხრიდან არის აბსოლუტური მზადყოფნა და გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, რათა რეკომენდაციები შესრულდეს.

დეპოლარიზაციის თაობაზე რეკომენდაცია ითვალისწინებს ყველა მხარის მონაწილეობას. ამ რეკომენდაციის შესრულება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, იქიდან გამომდინარე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის ნაწილს. ევროსაბჭოს მომხსენებლებმაც ამაზე გაამახვილეს აქცენტი და მოწოდება გააკეთეს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მიმართ, რომ კეთილსინდისიერები იყვნენ, როცა საქმე ეხება ქვეყნის მომავალს და ევროინტეგრაციას, დათმონ საკუთარი პარტიული ინტერესები. სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ მხოლოდ იმას, რომ ევროკავშირში ინტეგრაციას და სტატუსს ხედავენ, როგორც ინსტრუმენტს საკუთარი პოლიტიკური ბრძოლისთვის და მეტს არაფერს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 27-29 მარტს იმყოფებოდა.