მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მსჯელობა იმართება
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მსჯელობა იმართება

მსგავსი შეხვედრები, პირველ რიგში, ეს არის შესაძლებლობა, რომ უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა განვიხილოთ და ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რაც უკავშირდება ცხრა ნაბიჯს, რომელიც ევროკომისიის მიერ  ნოემბერში განისაზღვრა, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა ასევე მიეცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ განსაკუთრებით იმ მნიშვნელოვან საკითხებს ვიხილავთ, რაც ცხრა ნაბიჯიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში შედის. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ გეგმაში ასეთი საკითხებია და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მათზე ფართო მსჯელობა იყოს. სწორედ ამის შესაძლებლობა გვაქვს დღეს“, –  განაცხადა  მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა ასევე აღნიშნულ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის თაობაზე და განაცხადა, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების პლატფორმის ფარგლებში მიმდინარეობს.

„საქართველოში არის სამოქალაქო საზოგადოების ძალიან ბევრი ორგანიზაცია და შეუძლებელია, ყველა მოიცვა. აქედან გამომდინარე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა არის ის საუკეთესო პლატფორმა, სადაც გაერთიანებულია სამოქალაქო საზოგადოების ძალიან ბევრი ორგანიზაცია და ეს არის საუკეთესო ფორმატი და შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში. თუკი სურვილი აქვს ვინმეს, პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას უზრუნველყოს მათი მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმასთან გაფორმდა მემორანდუმი და მასთან თანამშრომლობა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და მომავალშიც ასევე გაგრძელდება.

ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე,  საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.